პოლიტიკა
IRI-ის კვლევისას რესპონდენტებს ვიდეოკამერით იღებდნენ

Video_Cameraსაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევისას, რომლის შედეგებიც გუშინ გავრცელდა, რესპონდენტებს ვიდეოკამერით იღებდნენ. გამოკითხვისას, ასევე, იწერებოდა რესპონდენტთა ვინაობაც. გამოკითხვისას ადამიანისთვის ვინაობის დასახელება და ვიდეოკამერით გადაღება დაუშვებელია, სწორედ ამის გამო ეჭვქვეშ დგება გამოკითხვის შედეგებიც.

როგორც საქინფორმს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა განუცხადა, დაუშვებელია ნებისმიერი კვლევითი ინსტიტუტის მიერ მსგავსი ქმედება, ვინაიდან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მისი პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე ანონიმური იქნება. ხიდაშელის თქმით, საზოგადოების უფლებაა, დარჩეს ინკოგნიტოდ გამოკითხვის ჩატარების დროსაც და მის შემდეგაც. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელებული IRI კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა მხრიდან ფავორიტად მმართველი პარტია და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასახელდნენ. გამოკითხვის ფარგლებში დასმულ თითქმის ყველა შეკითხვაზე ხელისუფლება დიდი უპირატესობით ლიდერობს.