სამართალი
ბესელია: “მერაბიშვილის განცხადებები უფრო უტიფრობას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს“

1-eka-besსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილის განცხადებები უფრო უტიფრობას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბიშვილის მიერ დღეს ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ხელისუფლება 80 მლნ ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

მერაბიშვილი რომ ამ თემაზე საუბრობს, არასერიოზულია. მგონია, რომ ეს უფრო უტიფრობას ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებს”, - განაცხადა ბესელიამ.

გარდა ამისა, ბესელიას განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და სამართალდამცველები ყველა საკითხს კომპლექსურად სწავლობენ.

“პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენივე გუნდის წევრების მიმართ ასეთი გამოძიება დაიწყო. ეს მიანიშნებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ხელს არავინ არავის დააფარებს”, – განაცხადა ბესელიამ.