„ჩვენ წინა პროგრამაში გვქონდა ათასლარიანი ვაუჩერი და ვფიქრობდით, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით დახმარებოდა სოფელს. თუმცა, ხელისუფლებამ იმთავითვე დაუშვა შეცდომები, არ გაითვალისწინა ხალხის და, მათ შორის, ჩვენი რჩევები. ჩვენ ვთავაზობდით, რომ გლეხებს ჰქონოდათ საშუალება ამ სასოფლო-სამეურნეო ბარათების თუ ვაუჩერების ბანკში განაღდების და ამით თავიდან ავიცილებდით ყოველგვარ სპეკულაციებს, იმ გაუგებრობას, რომელიც ამას მოჰყვა. ავიცილებდით იმას, რომ საქართველოში პრაქტიკულად განსხვავებული ფასები ჩამოყალიბდა“, - აღნიშნა მერაბიშვილმა, რომელმაც ბრიფინგზე წარადგინა სასოფლო-სამეურნეო იარაღების ფასები. მისი თქმით, მათი ფასი ნაღდი ანგარიშსწორებით უფრო დაბალია, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერშია აღნიშნული.
მერაბიშვილმა მოითხოვა, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული თანხის კომპენსაცია მოსახლეობისთვის 120-ლარიანი ვაუჩერებით მოახდინოს.
“ბრალს ვდებ დღევანდელ ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარის გაფლანგვაში და მოვითხოვ, რომ ეს ფული დაუბრუნდეს ქართველ გლეხობას, რადგანაც მათ ზუსტად ამ ოდენობის თანხა დაკარგეს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.