სამართალი
ალასანია: „კანდიდატების შერჩევის „სერიალის“ ბოლო სერია ნანახი მაქვს“

1-alasania-irakliსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" გააკეთა, საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევის „ბოლო სერია“ მას უკვე ნანახი აქვს. მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრედ რჩებიან, თუმცა კოალიციაში შემავალი ძალების აზრს ანგარიშს უწევენ.

„კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია, შეიძლება ითქვას, ნანახი მაქვს. ანუ, დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახელდეს კონკრეტულად და ვის აქვს შანსი, რომ შედგეს მის ირგვლივ კონსენსუსი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა და კოალიციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა  გარკვეულწილად ჩემთან ჩაატარა  კონსულტაციები. ვიცი, რომ მას რამდენიმე წევრთან ჰქონდა კიდევ ასეთი საუბრები... დარწმუნებული ვარ, რომ შევთანხმდებით კანდიდატზე შაბათსვე... ბუნებრივია, მე არ გავამხელ, ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ კანდიდატი ღირსეული იქნება და დარწმუნებული ვარ ასევე, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში”, – განაცხადა ალასანიამ.