საზოგადოება
პატარკაციშვილის დედას მოქალაქეობას ართმევენ?

1-patarkaciSსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. „პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, აწ გარდაცვლილი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის დედას, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვან. ნათელა პატარკაციშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში დაადასტურა, რომ შესაბამისი უწყებიდან პირველ მაისს მიიღო  წერილი, სადაც წერია, რომ ორი ქვეყნის მოქალაქეობას შორის მან არჩევანი უნდა გააკეთოს. ლაპარაკია საქართველოსა და ისრაელზე. მისი თქმით, ის უკვე 80 წელია ისრაელის მოქალაქეა და არ აპირებს მოქალაქეობაზე უარის თქმას. ნათელა პატარკაციშვილმა „პირველ რადიოსთან“ საუბარში ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას უახლოეს ორ-სამ დღეში მიიღებს.

„პირველ მაისს მომივიდა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეობას შორის არჩევანი უნდა გავაკეთო. ეს ყველაფერი სისულელეა და მეტი არაფერი. მე ისრაელის მოქალაქე ვარ უკვე 80 წელია და სიკვდილამდე ასე იქნება. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, მაგრამ გადაწყვეტილებას უახლოეს ორ-სამ დღეში მაინც მივიღებ. არ ვაპირებ ამ საკითხზე პრეზიდენტს მივმართო. ვეცდები, ყველაფერი თვითონ გავარკვიო“, - განაცხადა  ბადრი პატარკაციშვილის დედამ.