საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება“

1-milocvaსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად განაგრძონ ცხოვრება.

"მინდა, მოგილოცოთ ეს დღე და განსაკუთრებით მივულოცო მათ, ვინც ყველაზე დიდი მოლოდინით ელოდება. გილოცავთ და ქედს ვიხრი თქვენ წინაშე. ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში, საქართველომ მასში უდიდესი მონაწილეობა მიიღო და უდიდესი დანაკლისიც განიცადა - ამ ომში ჩვენი 300 000-ზე მეტი თანამემამულე დაეცა. ჩვენმა თანამემამულეებმა გამარჯვებამდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მიიყვანეს ეს ომი. ძალიან ბევრი გმირი დაგვიბრუნდა, თუმცა უფრო მეტი უსახელო გმირი გვყავს. მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ისევე, როგორც ცივილიზებულმა სამყარომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი ვაკის პარკში პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

1-milocva-1 1-milocva-2
1-milocva-3 1-milocva-4
1-milocva-5 1-milocva-6