რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ჩვეულებრივი ღალატი - როგორ მოიქცეოდა რუსეთი, საქართველოს ამერიკა რომ დასხმოდა თავს?

1-redak-polit1-arn

ვნების კვირა, აღდგომა, ბრწყინვალე შვიდეული, გამარჯვების დღე... ამ დღეებში ყველაზე ნაკლებად პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე ფიქრი გინდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ნაციონალური გასართობი სახელად “ფეისბუკი“ ასეთ შესაძლებლობას არ იძლევა (საეჭვოა, გლობალიზაციის კიდევ ერთი “ნაყოფის“ დასახელება შევძლოთ, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ ისევე ხარბად შთანთქა, როგორც ეს სოციალური ქსელი!). გასულ შაბათს იერუსალიმის მაცხოვრის წმიდა საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლით გამოწვეული სიხარულიც კი გაფერმკრთალდა მორიგი სკანდალური ფარული ვიდეოჩანაწერების, სახელისუფლებო ინტრიგებისა და ოპოზიციაში კინკლაობის შესახებ ჭორების წინაშე.

იერუსალიმიდან ჩარტერული რეისის დასახვედრად წასვლა ამჯერად ორჯერ მომიხდა - თვითმფრინავი იგვიანებდა, მაგრამ დაღლილობა ამით არ აიხსნებოდა... ამიტომ აეროპორტში, “რუსთავი 2“-ის კორესპონდენტის შეკითხვას გაურკვევლად ვუპასუხე - მგონი, რაღაც ვთქვი უდიდეს სასწაულზე, რომელიც ასეთად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელიწადს მეორდება... და რომ უნდა ვცადოთ, ღვთისგან ბოძებულ წელიწადს ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველო, ბოლოს და ბოლოს, გაბრწყინდეს.

დიახ, ღალატი, ჯვარცმა და აღდგომა - ყველაფერი მეორდება... მაშინაც, ღალატის დროს, “მამლები“ ყიოდნენ, მაშინაც იღვრებოდა სისხლი ჯვარცმის დროს, მაგრამ მერე ხომ აღდგომა მოხდა?!

უცბად გამიელვა ფიქრმა: საქართველოს ხელისუფლებას ღალატი რომ არ ჩაედინა - რუსეთისთვის არ ეღალატა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოს საზღვრები რუსეთის კი არა, ამერიკის არმიას გადმოელახა - როგორ მოიქცეოდნენ მაშინ რუსები?! საბნებით და პამპერსებით დატვირთულ გემს გამოგზავნიდნენ, როგორც ამერიკელები, თუ მოძმე ქართველი ხალხისთვის აშშ-ის არმიაზე გამანადგურებელი დარტყმით უპასუხებდნენ?!

რუსეთი, უეჭველად, დაიცავდა საქართველოს, ისევე როგორც ყოფილი სსრკ-ის ნებისმიერ ქვეყანას, თუნდაც მასთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით არ ყოფილიყო დაკავშირებული.

რუსეთი, ყველაფრის მიუხედავად, დღესაც დაიცავს თავის მოძმე ქართველ ხალხს, რომელიც რუსებთან და საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად იცავდა ერთიან სამშობლოს ფაშიზმისგან!

მაშ რამ გვაიძულა, ჩვენი ძმებისთვის ჯერ გვეღალატა, შემდეგ კი - ჯვარს გვეცვა?!

დიახ, აღდგომა გარდუვალია, მაგრამ საქართველოში ის ჯერ არ მომხდარა... ახლა საქართველოში - სწორედ ის უმძიმესი დღეები დგას, როდესაც გარდამოხსნილი ქრისტე სამარხში ასვენია, რომლის შესასვლელი უზარმაზარი ლოდით არის ჩაკეტილი, ადამიანებმა კი არაფერი უწყიან და დაბნეულები არიან...

ილუზიები, რომ ივანიშვილი თავის მილიარდებს ყველას თანაბრად გაუნაწილებს, სწრაფად გაიფანტა - გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ახალი ხელისუფლება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებს. ანუ პური ჯერჯერობით არ არის.

სანახაობების მხრივაც სიმწირეა - დამნაშავე “ნაციონალების“ გილიოტინაზე აყვანა დასავლეთმა და დიდმა ამერიკელმა ძმამ არ დაგვანებეს - როგორც გინდათ, ისე კოჰაბიტირდით და ღმერთი არ გაგიწყრეთ, საპარლამენტო, სექსუალურ ან კიდევ რომელიმე უმცირესობას ხელი არ ახლოთო!

ანუ ახალი ხელისუფლების ორი, ყველაზე მთავარი პრობლემა - მოსახლეობის სოცუზრუნველყოფა და სამართლიანობის აღდგენა - ჯერ გადაუჭრელია.

ამავე დროს პრემიერ ივანიშვილის - ხალხიდან გამოსული ყმაწვილის ხიბლს, რომელმაც თავისი გზა ქართული ოცნებისაკენ საამქროს დამლაგებლობიდან დაიწყო, ძლიერ ჩრდილავს ზოგიერთი უსიმპათიო კონიუნქტურშჩიკი, ფულისა და საპარლამენტო სავარძლების ხათრით რომ მიტმასნიან "ქართულ ოცნებას" და ეს უფრო მეტად უყვართ, ვიდრე თავისი მშობელი ქართველი ხალხი... ერთგულ სიმპათიურებს - სპორტსმენებსა და მსახიობებს - შორის კი პროფესიონალები არ არიან, ჟურნალისტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

მაშ რა ვქნათ ჩვენ, უბრალო ხალხმა?! ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, გვჯეროდეს და ვიმოქმედოთ! ივანიშვილმა ისევ გაგვაერთიანა ქართველ ხალხად და საკუთარ ძალებში დაგვარწმუნა, ამიერიდან როგორც ჩვენ ვიტყვით - ისე იქნება! ივანიშვილმა თავიდან მოგვაშორა სააკაშვილი, მადლობა მას ამისთვის, მაგრამ დანარჩენი თვითონ უნდა გავაკეთოთ.

დიახ, ყველაზე უფრო ძნელი სწორედ ახლა იწყება, ჩვენ ხომ ყველას - რუსებს, აფხაზებს, ოსებს და, პირველ რიგში, საკუთარ თავს -  უნდა დავუმტკიცოთ, რომ რეალობის საღად შეფასება და წარსული შეცდომების აღიარება შეგვიძლია; რომ ჩვენთვის პრიორიტეტი - კანონის უზენაესობა და სამართლიანობაა, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად; რომ ჩვენ ძალგვიძს აღმშენებლობა, საუბარი და მოლაპარაკება, და არა მუქარა, გამყიდველობა და ღალატი, რითაც მთელი ბოლო წლები საქართველოს ხელისუფლება იყო დაკავებული. რომ ვარდი - მშვენიერი ყვავილია, ნატო - საქართველოში პოპულარული ქალის სახელია, და რომ სინონიმებია "ქართველი" და "მართლმადიდებელი", და არა "ქართველი" და "ევროპელი", როგოც სასიკვდილოდ ცდებოდა ჟვანია...

გილოცავთ გამარჯვების დღეს!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი 
არნო ხიდირბეგიშვილი
თბილისი, 2013 წლის 9 მაისი