აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე“

1-akt-2-prem-mtსაქართველო, 9 მაისი, საქინფორმი.

„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე კაცობრიობის ისტორიაში.

ყველას გილოცავთ ამ დღეს! 

ფაშიზმის დამარცხებით ცივილიზაციამ გაიმარჯვა ბარბაროსობაზე და ეს დღე იქცა უკლებლივ ყველა იმ ადამიანის გამარჯვების დღედ და ყველა იმ ადამიანის კუთვნილებად, ვინც ამ ომში ფაშიზმის წინააღმდეგ  ერთნაირი თავდადებით იბრძოდა.

საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ბრძოლაში - ჩვენმა თანამემამულეებმა თავგანწირულად იბრძოლეს ფაშიზმის წინააღმდეგ. საქართველოდან წასული 300 ათასამდე მებრძოლი გმირულად დაეცა ამ ომში, მარტო ქერჩის ბრძოლებს 120 ათასი ქართველი შეეწირა. ჩვენ სამშობლოს ბევრი სახელოვანი გმირი ჰყავს, ბევრის თავდადება კი დღემდე უცნობია. მინდა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას,  გმირების უკვდავ სახელებს.

განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ ამ დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე.

ჩვენი, როგორც ცივილიზებული სახელმწიფოს, ვალია განსაკუთრებით ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებზე, სათანადო პატივი მივაგოთ მათ, ყველა პირობა შევუქმნათ ღირსეული  და დაფასებული ცხოვრებისთვის. სწორედ ამით იზომება ქვეყნის კულტურა - როგორ ექცევა იგი სამშობლოსათვის თავგანწირულ ადამიანებს.

ბიძინა ივანიშვილი

1-akt-prem-2-1