გია ხუხაშვილი: „კეზერაშვილი ვეღარ ძარცვავს სახელმწიფოს და მე ამაში მივიღე მონაწილეობა“
საქართველო, 8 მაისი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
გია ხუხაშვილი უმცირესობის წევრი
ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს ეხმაურება, სადაც ნადირაშვილმა ხუხაშვილი ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კომპანია „outdoor.ge“-ს ახალი მფლობელისთვის გადაფორმებას ცდილობს.
ხუხაშვილის განმარტებით "ირმა ნადირაშვილმა ნახევრად სიმართლე თქვა. არჩევნებამდე ამ კომპანიის მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო, რომელიც გია ხუხაშვილისგან განსხვავებით ნამდვილად რეკეტიორი იყო. ერთადერთი შეხება, რაც დავით იაკობაშვილის ჯგუფთან მქონდა, ეს იყო გადაზიდვების ბიზნესი, „outdoor.ge“–ც იმ ჯგუფში შედის, საიდანაც რკინიგზის საკუთრება – 10 მილიონი დოლარი, ამ კომპანიის მეშვეობით კეზერაშვილის ჯიბეში და შემდგომში, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის“ სალაროში მიედინებოდა. ჩემი ძალისხმევა იყო იმისკენ მიმართული, რომ ეს ყველაფერი რკინიგზას დაბრუნებოდა. ეს 10 მილიონი დოლარი ახლა მიედინება სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ჩემი როლი ამ კომპანიასთან მიმართებაში. კეზერაშვილი იქ აღარ არის, და ვეღარ ძარცვავს სახელმწიფოს, მე ამაში ნამდვილად მივიღე მონაწილეობა და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით“, – განაცხადა ხუხაშვილმა "კურიერის" ეთერში.