საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „მისი პრივატული საუბრები გასაჯაროვდა".
„ეს არ არის სალანძღავი სიტყვა, უბრალოდ, გამოხატავს რადიკალიზმს... ვწუხვარ, რომ სოციალური ქსელებით ჩემი პრივატული საუბრის შინაარსი გავრცელდა", – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, ხოლო გადადგომისაკენ კობა დავითაშვილის მოწოდების პასუხად განმარტა, რომ მზადაა, ეს საკითხი იმ ჯგუფთან ერთად განიხილოს, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს.
“რაც შეეხება დავითაშვილის წინადადებას, რომ გადავდგე ვიცე-პრემიერის პოსტიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო სერიოზულ კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. მზად ვარ, ეს განვიხილო იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. თუ არის ამის საფუძველი, ბუნებრივია, მე კობას დავუჯერებ”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ კობა დავითაშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე შრომის კოდექსთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები უცნაურად მიიჩნია და მარგველაშვილს ვიცე-პრემიერობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.