აქტუალური
„ყავაში იხედებით, თეფშს ატრიალებთ თუ ვანგა ხართ?!“ – ჩერგოლეიშვილი – ტუღუშის შელაპარაკება „პოზიციაში“

1-vangaსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. გუშინ, 7 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, თოქშოუ „პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად, ფართო მსჯელობა  გაიმართა კვირის ყველაზე სკანდალურ თემაზე – ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. „პოზიციის“ სტუმრები იყვნენ: სანდრო ბარამიძე, ვახტანგ ხმალაძე, პავლე კუბლაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ლაშა ტუღუში, თამარ ჩერგოლეიშვილი, მერაბ ბასილაია, ზვიად ქორიძე, ელისო კილაძე, ნინო ბოლქვაძე, ეკა გიგაური, თამარ რუხაძე და სხვები.

თოქშოუს სტუმრებმა აღნიშნული პრობლემა განიხილეს და იმსჯელეს იმის შესახებ, აუცილებელია თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისათვის რადიკალური საკანონმდებლო ცვლილება.

გადაცემაში თამარ ჩერგოლეიშვილსა და ლაშა ტუღუშს შორის შელაპარაკება მაშინ მოხდა, როდესაც ტუღუშმა განაცხადა, რომ ჩერგოლეიშვილი, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე (როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე), ყველაზე მეტად ინფორმირებულია სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ.

„საიდან იცით, ვანგა ხართ, ყავაში იხედებით თუ თეფშს ატრიალებთ? მე აქ ვარ, როგორც ჟურნალის რედაქტორი, 21-ე საუკუნეში ქალებს პატივი ეცით და ცილს ნუ მწამებთ“, – მიმართა თამარ ჩერგოლეიშვილმა ლაშა ტუღუშს.