აქტუალური
ივანიშვილი: „მე აღარ ვუპასუხებ დავითაშვილს“

1-ivaniSსაქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და პირველ ეტაპზე ადამიანური პირობები შევუქმნათ დაქირავებულებს, მაგრამ ინვესტორებს ინტერესი არ დავუკარგოთ - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს აჭარის უმაღლეს საბჭოში შეხვედრის დასრულების შემდეგ და იქვე განმარტა, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით იგი ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის პოზიციას იზიარებს, ხოლო კობა დავითაშვილისთვის პასუხის გაცემას აღარ აპირებს.

„კობა დავითაშვილს ძალიან უყვარს მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ეს მისი ხელწერაა და მე აღარ ვუპასუხებ მას. რაც შეეხება მარგველაშვილის განცხადებას, ვიზიარებ თავიდან ბოლომდე. შრომის კოდექსის შემოღების ინიციატორები ვიყავით ძალიან ბევრნი და მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი მეც. ის, რაც არსებობდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეს იყო საშინელება, ფაქტობრივად, არანაირი უფლებები არ გააჩნდა ხალხს. როცა რაიმე არ გვაქვს, მეორე მხარეს გადახრა ვიცით, მე მგონი, ეს მოხდა პირველი მოსმენის შემთხვევაში, განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ გადაჭარბებულად მეტი უფლებები მისცეს, მეტი უფლებები არ არსებობს დაქირავებულზე. ნორმალურია, როდესაც გარკვეულ კანონპროექტზე მიდის კამათი, ვის მხარეს უნდა გადაიხაროს ეს, დაქირავებულის თუ დამქირავებლის მხარეს. ჩემი პოზიციაა, რომ დამქირავებლის მხარეს გადაიხაროს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.