წულუკიანი მშობლებისთვის ბავშვის სქესის წინასწარი შეტყობინების აკრძალვის მომხრეა
საქართველო, 7 მაისი,
საქინფორმი. იუსტიციის მინისტრ
თეა წულუკიანის განცხადებით, სანამ საქართველოში უხეირო დემოგრაფიული მდგომარეობაა, იგი მშობლებისთვის ბავშვის სქესის წინასწარ შეტყობინების აკრძალვის მომხრეა, თუმცა აბორტის აკრძალვას მხარს არ უჭერს, რადგან მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში პროცესმა, შესაძლოა, სარდაფებსა და სხვა საეჭვო ადგილებში გადაინაცვლოს.
„როდესაც უწმინდესმა აბორტების აკრძალვაზე ბრძანა, მან საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. არ მგონია, რომ აბორტის კანონმდებლობით აკრძალვა ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვშიშობ, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალგაზრდა ქალები, ახალგაზრდა გოგონები მაინც გაიკეთებენ, იქნება ეს სარდაფები თუ სხვა ანტისანიტარული ადგილები, იმ ადამიანების ჩარევით, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. თუმცა მომხრე ვიქნებოდი ერთადერთი აკრძალვისა - ეს არის მშობლებისთვის სქესის წინასწარ შეტყობა“, - აღნიშნა მინისტრმა და იქვე განმარტა, რომ სქესის წინასწარ შეტყობისას ხშირად ნაყოფის მოცილება ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახი ბიჭს ელოდება.