სამართალი
გამოძიების ინფორმაციით, სოსო ალავიძე, დაკავებულ ვაჟა ნახუცრიშვილთან და ომარ ბედიასთან ერთად, ზეწოლას ახდენდა ექსპერტზე, რომ დასკვნა ჩეხური ტრაქტორების სასარგებლოდ დაეწერა. დაკავებულმა მაღალჩინოსნებმა და კორუფციული სქემის სათავეში მდგარმა პირებმა ე.წ. “ატკატებითა” და სხვა სახის დანაშაულებრივი კომბინაციით რამდენიმე მილიონი ლარი მიითვისეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს, ალავიძე ქვეყნიდან გაიქცა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თანაგუნდელები და მინისტრები მას სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული კორუფციული სქემის გამოძიების შეწყვეტას სთხოვდნენ, რაზე მან უარი განაცხადა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ წინა კვირას პრემიერ ივანიშვილის მიერ გამოთქმული ეჭვის შემდეგ, რომ „ერთ-ერთ სამინისტროში პრობლემებია“, პოლიციამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა და კორუფციული სქემის გამოვლენის შესახებ განაცხადა, რასაც მინისტრის პოსტიდან დავით კირვალიძის გადადგომა მოჰყვა.