სამართალი
ფარესაშვილი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს კომპრომატებით ემუქრება

1-faresashviliსაქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველ გია ხუხაშვილს, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება. ფარესაშვილის თქმით, მას აქვს აუდიომასალები, დოკუმენტები, ჰყავს მოწმეები, რითაც დასტურდება ამ სამი ადამიანის დანაშაულებები და იქვე განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული  და პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური ფაბრიკაციის გამოძიება მანამდე არ მოხდება, სანამ  ხვედელიძე, ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი თანამდებობებზე დარჩებიან.

"მივმართავ ამ სამ პიროვნებას, არსებობს თქვენ მიერ ჩადენილი ბინძური ქმედებების ფაქტები. არსებობენ ბიზნესმენები, რომლებიც დაასახელებენ ხუხაშვილისა და ნაცვლიშვილის დანაშაულებებს. ჩემ გარდა ამ კლანს სხვა ადამიანებიც ებრძოდნენ და მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ, მომეთხოვა მე პოლიტიკური თავშესაფარი, ქვეყნიდან წავსულიყავი და ეს იქნებოდა სიგნალი იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ ებრძვის, რომ თუ ისინი არ გაჩუმდებოდნენ, მათაც იგივე ბედი მოელოდათ", - განაცხადა ფარესაშვილმა.

მისივე განმარტებით, გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული ფაბრიკაცია „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში გაკეთებულიყო, თუმცა მიაჩნია, რომ უშიშროების სამსახურის გარეშე, რომელსაც ამჯამად გელა ხვედელიძე ხელმძღვანელობს, ის არ გასაჯაროვდებოდა.

„ეს ფაბრიკაცია "ნაციონალებს" არჩევნების პერიოდში რომ დაედოთ, მაშინ ეს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იმოქმედებდა და შესაძლოა, მათ არჩევნებიც ვერ მოეგოთ", - აღნიშნა ფარესაშვილმა.

ამასთან, ფარესაშვილის მტკიცებით, მან გამოძიებას ჩვენება მისცა, თუმცა გამომძიებლებმა ხუხაშვილის, ნაცვლიშვილისა და ხვედელიძის სახელი და გვარი  ჩვენებაში არ ჩაწერეს.

"ხუხაშვილი თავს ვეღარ იმართლებს, აგონიაშია და აცხადებს, რომ თურმე მე ექიმების მიერ ვარ შესამოწმებელი. მე კი მას ვურჩევ, ლაშა ნაცვლიშვილი შეამოწმოს ნარკოლოგიურში, ოღონდ ჟურნალისტების თანდასწრებით", - დასძინა ფარესაშვილმა.

ამასთან, ფარესაშვილმა ბრიფინგზე წარადგინა მანანა კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ იგი "ქართული ოცნების" აქტიური წევრი იყო.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც საგანგებოდ შექმნილი საიტიდან (http://kvercxebi.ge) რამდენიმე საათში წაიშალა.

შს მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა ხსენებული საქმე და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს პრემიერ - მინისტერის განცხადებით კი, აღნიშნული ვიდეომასალა „ნაციონალების“ ხელწერას ჰგავს და იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ფარესაშვილის ეჭვს იმის თაობაზე, რომ კადრების გავრცელებაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ხელი ურევია.