საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილებების მიხედვით, რუსეთის ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გვერდის ავლით შესვლის შემთხვევაში პირს პირველ ჯერზე - ფულადი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის გაზრდილი რაოდენობა ან ერთ წლამდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
საპარლამენტო უმცირესობამ კანონში ცვლილებების პროექტი რუსეთის დაკვეთად შეაფასა.
„რუსეთის ხელისუფლება ღიად აცხადებდა, რომ საქართველოს ამ კანონის მიღებას სთხოვდა. თქვენ ნახეთ, როდესაც ევროსაბჭოში რუსეთის დელეგატმა კალაშნიკოვმა პრემიერს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა. ამ დაკვეთას ასრულებს „ქართული ოცნება“ და მე არ ველოდი, რომ მთელი უმრავლესობა დღეს იქნებოდა ასე კონსოლიდირებული ამ უხერხული პრობლემის წინაშე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით კი, საპარლამენტო უმრავლესობის ძალისხმევა სამშვიდობო პოლიტიკის წახალისებისკენ არის მიმართული.
„ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და არავის დაკვეთა... ჩვენ ვდგამთ სწორ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია სამშვიდობო პოლიტიკის წახალისებისკენ“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.