სამართალი
ორი ბიზნესმენი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

dachraსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. სააგენტო „გურიანიუსის“ ცნობით, წუხელ, გვიან ღამით, ოზურგეთში ე.წ. "რუდოს" ტერიტორიაზე ორი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე მსგავსი ფაქტია, რომელიც ჯერჯერობით გაუხსნელია.

შპს "მედალფას“ მორიგე ქირურგი ლია გოგოტიშვილი: "ღამის საათებში თვითდინებით მომართა კლინიკას ორმა პაციენტმა. ერთ-ერთს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში,  იყო დახურული მოტეხილობა; რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ორივე მტევნის არეში. დაზარალებულებს გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".

გამოძიება მიმდინარეობს სსკ 236-ე მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა -შენახვა და მძიმე დაზიანება. შს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილის და მისი მოადგილე პაპუნა გობეჯიშვილის განცხადებით, ორ დღეში დანაშაული აუცილებლად გაიხსნება.

სულ ახლახან საქართველოს შსს-მ გაავრცელა საგანგებო განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დაჭრილები ბიზნესმენები არიან და ინციდენტი მათ საქმიანობასთან დაკავშირებული შელაპარაკებისას მოხდა. მსროლელთა ვინაობა დადგენილია და ამჟამად ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.