პოლიტიკა
დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა

presaსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. 1994 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღესასწაულის თარიღად ვინდჰუკის დეკლარაციის მიღების დღე შეირჩა, რომელიც მთელი მსოფლიოს პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებელობას ეძღვნება. ვინდჰუკის დეკლარაციაში წარმოდგენილია თავისუფალი პრესის პრინციპები, რომლებიც 1991 წლის 3 მაისს ნამიბიაში, ვინდჰუკში დამოუკიდებელი აფრიკული პრესის განვითარების ხელშემწყობი იუნესკოს სემინარის მიმდინარეობისას აფრიკელმა ჟურნალისტებმა მიიღეს.

აფრიკის ქვეყნების დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენელთა ინიციატივით დაწესებული პრესის თავისუფლების დღე მოწონებული და დამტკიცებულია განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში გაეროს ორგანიზაციის (იუნესკო) 1993 წლის 20 დეკემბრის 48/432 გადაწყვეტილებით.

პრესის თავისუფლების დღის მთავარი ღონისძიებაა 1986 წელს დაღუპული კოლუმბიელი ჟურნალისტი გილერმო კანოს სახელობის იუნესკოს საერთაშორისო პრემიის გადაცემა თავისუფალი პრესის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ამავე დღეს იხსენებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტებს.

საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი 15 პუნქტით გაუმჯობესდა და 111-ე ადგილიდან 96-ზე გადაინაცვლა, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მდგომარეობას აღნიშნავს.