საზოგადოება
"მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!"

paskaსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. წითელი პარასკევი დიდმარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი, წარუდგინეს ურიასტანის მმართველს, პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იესო გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი ამოყვანის გზად აღიარა. ნაგვემმა, ტანჯულმა ძე კაცისამ კი წარმოთქვა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან".

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

დიდ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკას აცხობენ.