საზოგადოება
დავით კირვალიძე: „დაკავებულთა უმრავლესობა ჩემი მეგობარია“

davit-kirvaliZeსაქინფორმი. 3 მაისი, საქინფორმი.  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს “მექანიზატორის“ თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტრო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს დავით კირვალიძის განცხადებას, რომლის ტექსტს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, დაკავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" რამდენიმე თანამშრომელი.  ამ ადამიანებს ძალიან  კარგად ვიცნობ და უმრავლესობა ჩემი მეგობარია. მათ  შორის არის ჩემი მასწავლებელიც. ყველა მათგანი ძალიან წესიერი პიროვნებაა და თითოეულს დიდ პატივს ვცემ. დარწმუნებული ვარ და მოუთმენლად ველოდები, რომ სიმართლე მალე გაირკვევა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდება. გამომდინარე აღნიშნული სიტუაციიდან, მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე. დღეს მთავრობის სხდომაზე ვითხოვე უფლებამოსილების შეჩერება, სანამ სიმართლე არ გაირკვევა და ამ ადამიანების უდანაშაულობა არ დადასტურდება. მიმდინარე პროცესებში ნებისმიერი სახის ჩარევა, ზეწოლა და  მანიპულირება ძალიან ცუდი იქნება. ვაცადოთ შესაბამის ორგანოებს, დაადგინონ  სიმართლე. რაც მთავარია,  გავითვალისწინოთ ერთი რამ - უდანაშაულობის პრეზუმფცია".