აქტუალური
სააკაშვილის გაუგებარი ვიზიტი: “მიშა, ბარემ, ამერიკაში დარჩი!“

akt-amerika-mtსაქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან ჯონ კერისთან შეხვედრის შემდეგ, რომლის შესახებ გუშინ საქინფორმი იუწყებოდა, სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს შეხვდა. მათ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა შეაფასეს და ქვეყანაში “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს.

შემდეგ სააკაშვილმა სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა სხვადასხვა დროს „ISAF“-ის მისიაში მონაწილე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები. მან ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს: ვიცე-პოლკოვნიკ ალექსანდრე ტუღუშს, კაპიტან ვახტანგ დოლიძეს, კაპრალ ახმედ საფაროვს, სერჟანტ ჯონი თოფურიას და კაპრალ დავით ნარეშელაშვილს გამოჯანმრთელება და მხნეობა უსურვა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქართველი სამხედროები ჰოსპიტალში ადმირალმა და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებმა მოინახულეს. 
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი ამერიკელ სენატორს ("მაგნიტსკის სიის" ერთ-ერთი ავტორს) ბენჯამინ კარდინს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო. შეხვედრისას ბენჯამინ კარდინი საქართველოს საგარეო კურსითა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა. ამას გარდა, მხარეებმა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილმა, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. ის, რა თქმა უნდა, ღონისძიების შემდეგ გამართულ გალა ვახშამსაც დაესწრო, რომელზეც ჰილარი კლინტონი, ანდერს ფოგ რასმუსენი, სენატორები და მაღალი რანგის სხვა თანამდებობის პირები იყვნენ მიწვეული.

საქინფორმის რედაქციისგან: ყოველ ჯერზე, როდესაც საქინფორმი აშშ-ში სააკაშვილის გაუგებარი ვიზიტის მიმდინარეობას აშუქებს (გაუგებარის იმიტომ, რომ მისი მიზნები გაუგებარია - პოლიტიკოსი, რომელმაც სრული ფიასკო განიცადა და დღეს მხოლოდ ახალი ხელისუფლებისა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ საბოტაჟით არის დაკავებული, ადამიანი, რომელსაც დე იურე საქართველოს პრეზიდენტობის 4 თვე დარჩა, რის შემდეგაც დიდია ალბათობა, რომ ის პრეზიდენტის სავარძლიდან ჰააგის ტრიბუნალში საბრალდებო სკამზე გადაჯდება, აშშ-ში ხანგრძლივ ტურნეს აწყობს მრავალრიცხოვანი ამალით!), მკითხველები წერილებს და კომენტარებს გვიგზავნიან ანდა რედაქციაში გვირეკავენ ერთი და იმავე წინადადებით: “მიშა, ბარემ, ამერიკაში დარჩი!“...

akt-amerika-2
akt-amerika-3
akt-amerika-4
akt-amerika-5