პოლიტიკა
სააკაშვილი ჯონ კერის შეხვდა

keri-mishaსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და აღნიშნეს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებისა და რეფორმების შემდგომი გაგრძელების პროცესში აშშ-ის ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია.

ქართულმა მხარემ კვლავაც გამოხატა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების სურვილი და ამ თვალსაზრისით აშშ-ის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა  ყურადღება.

„ჩვენ გვჭირდება ამერიკის დახმარება ნატოსა და ევროპაში ინტეგრაციის საკითხებში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ისე მისი დემოკრატიის განმტკიცებისთვის. თქვენი ძალისხმევისა და საერთაშორისო კონტაქტების წყალობით, მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც სენატორი, თქვენ იყავით კარგი მეგობარი და ყველა ამ საკითხის  მცოდნე. ვფიქრობ, თქვენი აქ ყოფნა მართლაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში. იმედი გვაქვს, რომ კვლავაც ვიმუშავებთ თქვენთან ერთად, როგორც მეგობართან და როგორც მოკავშირესთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, ჯონ კერიმ საქართველოს პრეზიდენტს პირადი ძლიერი მხარდაჭერა აღუთქვა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა.