შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, 2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 54 მილიონი ლარი. ამ პროექტისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან ორმოცდაათი მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა დაევალა შპს “მექანიზატორს”. შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად შექმნილ კომისიებში შედიოდნენ როგორც შპს “მექანიზატორის”, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.
“სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს, სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ, პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით ათი ათასი ევრო”, – განმარტა გიორგობიანმა.
მისივე ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში შეძენილი იქნა ტრაქტორები და საჭირო ტექნიკა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი.