აქტუალური
თავდაცვის მინისტრი - საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე: „მეც ვთვლი, პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომ გვაქვს ოპტიმიზმის საკმაოდ დიდი საფუძველი"

aqtual2-alasaniaსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს 2014 წლის სამიტის წინ საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს იზიარებს. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომ "შემდეგ წელს უნდა მოვახერხოთ და მაპ- მაინც უნდა მივიღოთ".

"ჩვენ საკმაოდ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ამ მოკლე ვადაშიც კი ზოგადად თავდაცვის და უსაფრთოების სისტემა ჩვენს ქვეყანში ტრანსარნტული გახდა. მიმდინარეობს სასამართლოების პოლიტიკური ზედამხედველობისგან გათავისუფლების პროცესი. მიმდინარეობს სისტემური ცვლილებები.

ამის ბოლომდე მიყვანა და რეფორმების წარმატებით დასრულება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საფუძველი იქნება იმისა, რომ ჩვენ მომავალ სამიტზე კონკრეტული გარღვევა გვქონდეს. მე, რა თქმა უნდა, პრემიერის ოპტიმიზმს ვიზიარებ. ამის საფუძველი გვაქვს. აღარ დავაკონკრეტებ, რა შეიძლება ამ ნაბიჯს, ამ გარღვევას დაერქვას. ეს არის ნატოელების, ჩვენი მეგობრების, მათ შორის, ჩვენი მუშაობის შედეგი, თუმცა გადაწყვეტილება ჩრდილოალანტიკური ქვეყნები მიიღებენ.

მეც ვთვლი, პრემიერ-მინისტრთან ერთად, რომ გვაქვს ოპტიმიზმის საკმაოდ დიდი საფუძველი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.