პუბლიკაციები
ირმა ინაშვილი: “გიგა, მე ვიქნები ის "ფაშისტი", რომელიც შენ და შენს თანამებრძოლებს, როგორც კრიმინალებს, ციხეში დაგალპობთ!“

aqtual1-analit-irmaსაქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. “მიხარია, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში ვიმუშავე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც კარგად იციან ერთგულების ფასი... მიხარია, რომ მოვახერხე ჟურნალისტთა იმ გუნდის შექმნა, რომელიც გამოირჩევა მაღალი კვალიფიკაციითა და პროფესიონალიზმით... მიხარია, რომ "ობიექტივი" იყო და მომავალშიც დარჩება გუნდად და არა ორკესტრად, სადაც ყველა თავისთვის უკრავს... მიხარია, რომ საზოგადოებას შევთავაზეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელი, რომლის ფარგლებშიც არც სატელეფონო ზარი იბლოკებოდა და არც რესპონდენტი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მოდელისთვის საზოგადოების ნაწილი მზად არ აღმოჩნდა. "ობიექტივის" ღია ეთერს სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები (ბოლო თვეების მანძილზე) ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდნენ, ქმნიდნენ სპეციალურ "დანაყოფებს", რომლებიც პრაქტიკულად გადაცემებს შლიდნენ...

მე დავფიქრდი იმაზე, რომ ჩემ მიერ შეთავაზებული მოდელი საჭიროებდა გადახედვას და ამიტომაც შევთავაზე "ობიექტივის" გამგეობას მაუწყებლობის შეწყვეტა. მეორე - მე, როგორც მედიასაშუალების ხელმძღვანელს, ყოველთვის მქონდა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, რასაც საჯაროდ ვაფიქსირებდი და დავაფიქსირებ... ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობა ბევრი პოლიტიკოსისათვის აღქმული იყო, როგორც მონაწილეობა პოლიტიკის სფეროში. ჩემი გადადგომით "ობიექტივი" გავათავისუფლე "ფაშისტის" და სხვა იარლიყებისაგან. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, არა ნაჩქარევად მიღებული (რაც არ მჩვევია)... ვიმეორებ: ეს გადაწყვეტილება იყო გააზრებული და ჩემ მიერ შექმნილი ტელევიზიის გადარჩენით ნაკარნახევი. მიხარია, რომ ვერც ერთი რესპონდენტი ვერ იტყვის, რომ მას "ობიექტივი" კარს არ უხსნიდა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც ეთერში ჩემზე მეტ დროს ატარებდნენ, იმედია, დამშვიდდებიან, ხოლო საზოგადოება დაფიქრდება იმაზე, რა ურჩევნია: ღია ეთერში მონაწილეობა თუ... უბრალოდ, გარედან ჩვენი მოსმენა...

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი არ დაკარგავს ტონუსს და მეტი ენერგიით განაგრძობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოდელის დახვეწასა და ფორმირებას. გათვალისწინებული უნდა იყოს ის ხარვეზები, რაც ჩემი მართვის პერიოდში იყო დაშვებული... კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას "ობიექტივის" ყველა ჟურნალისტს და ტექნიკურ პერსონალს... მე თქვენ ყოველთვის მეხმარებოდით და ყველა ძალიან მიყვარხართ. ის მაინც ვიცი, რომ ჩემთვის თქვენს ტელევიზიაში ეთერი ნამდვილად არ დაიბლოკება...” - დაწერა გუშინ მედიაკავშირ „ობიექტივის“ უკვე ექს-ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა თავის გვერდზე „Facebook”-ში და იქვე დაამატა:

მივმართავ უშიშროების საჭოს მდივანს, გოგა ბოკერიას: ბოლო დროს ხშირად მიხსენიებთ ფაშისტად. ეს მხოლოდ იმაზე მიმანიშნებს, რომ თქვენთვის დღითი დღე უფრო საშიში ვხდები.

გეუბნებით პირდაპირ: გიგა, მე ვიქნები ის "ფაშისტი", რომელიც შენ და შენს თანამებრძოლებს, როგორც კრიმინალებს, ციხეში დაგალპობთ. ახლა, როცა აღარ ვარ მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი, გაცილებით თავისუფლად შემიძლია ვიმოქმედო!“.