საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, რომელიც მან გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას ლაფანყურის ოპერაციის გამოძიების კომენტირებისას გააკეთა, გამოძიება, რომელიც ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება.
ამასთან, ალასანიას გარკვეული კითხვებიც გაუჩნდა, რომლებზეც, მისი თქმით, გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს."რატომ დაიგეგმა ეს ღონისძება? როგორც აღმოჩნდა უცხოური შეიარაღებული ჯგუფი ჩვენს ტორიტორიაზე? რატომ ვერ მოახერხეს თავდაცვისა და შს სამინისტროებმა კოორდინირებულად ჩაეტარებინათ ეს ოპერაცია ისე, რომ მას მსხვერპლი არ მოჰყოლოდა? რატომ იყო ძალიან ბევრი დეტალი გასაიდუმლოებული?" - დააკონკრეტა ეს შეკითხვები თავდაცვის მინისტრმა.
“არანაირი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს თავდაცვას. გამოძიება მიმდინარეობს, ნაადრევი დასკვნების გაკეთების აუცილებლობას ვერ ვხედავ. იმ სადაზვერვო და ოპერატიულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, რაც მე გამაჩნია, ამის გაცხადების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დაველოდებით გამოძიებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიება, რომელიც, იმედი მაქვს, ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს, არავითარ შეთხვევაში არ იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი იქნება ეს თუ სხვა, ვარაუდების გამოთქმის უფლება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის მტკიცების საფუძველი არ არსებობს”, – აღნიშნა ალასანიამ.