საზოგადოება
ბოკერია: „ნანუაშვილის მოხსენება ერთი-ერთზე ემთხვევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მონათხრობს“

bok-sazogსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადებით,  რომელიც მან გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას გააკეთა, ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის მოხსენება აბსურდულია და „კომიკურ მტკიცებულებებს“ შეიცავს. მისივე განმარტებით, აღნიშნულ სპეცოპერაცასთან დაკავშირებით არანაირი „შეთქმულების თეორია“ არ არსებობს.

„ვნახე სახალხო დამცველის ე.წ. მოხსენება, ეს ვერსია არის აბსურდული სწორედ იმის გამო, რომ არანაირი ფაქტებით არ არის გამყარებული. ადამიანმა მოყვა რაღაც ნარატივი, რომელიც ერთი-ერთზე ემთხვევა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მონათხრობს, რომელიც წლებია ასევე არანაირ ფაქტებს არ ეყრდნობა. სახალხო დამცველს ზოგიერთ შემთხვევაში მოჰყავს კომიკური “მტკიცებულება”, მათ შორის ერთ-ერთია შეირაღებული ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ეს აქვს მოყვანილი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო უკეთებდა ამას ორგანიზებას. ნათელია, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. საქართველოს უამრავ მოქალაქეს აქვს უფლება, შეინახოს იარაღი და ის ვალდებულია დაარეგისტრიროს. ეს ყველაფერი ერთი-ერთზე ემთხვევა რუსეთის პროპაგანდას. ასეთი თეორიების “სროლა”, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არის, როგორც მინიმუმ, გაუგებარი, უპასუხისმგებლო, და სერიოზული შეშფოთების და ეჭვების საფუძველს იძლევა. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ფაქტზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ვიცით, არანაირი საიდუმლო შეთქმულებების თეორია არ არსებობს”, – განაცხადა ბოკერიამ.