აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში, თანამშრომლობენ ნატოსთან და ამით ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ“

aktual-3-pr-mtსაქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 22 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სამხედრო მოსამსახურეს პროფესიული დღე მიულოცა:

“30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა.

მინდა მივულოცო ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ეს დღე.

მათ უდიდესი, ურთულესი და  ყველაზე საპატიო მისია აკისრიათ - ისინი  ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს, იცავენ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან.

ჩვენ ვამაყობთ იმ გმირული სულისკვეთებით, რომელიც ჯარში სუფევს. ჯარისკაცები ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები არიან.

დღეს ჩვენი სამხედროებისთვის ისევე საამაყოა ჯარისკაცობა, როგორც ჩვენი წინაპრებისთვის იყო, ისინი ისევე მზად არიან დაიცვან  ქართული სახელმწიფო და სიცოცხლეც არ დაიშურონ მისთვის.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში. ისინი იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, თანამშრომლობენ ნატოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ჯარებთან და ამით ისევ და ისევ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ.

მშვიდობასა და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს - რიგითებს, სერჟანტებს, ოფიცრებს. ვუსურვებ მათ, ემსახუროთ გამთლიანებული, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მტკიცედ მწამს, რომ ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი სამხედრო მოსამსახურის საპატიო სახელს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი

aktual3-pr-1
aktual3-pr-2