სამართალი
საქართველოს ხელისუფლება ფრედ ვუდროფის საქმის ხელახალ გამოძიებას იწყებს

vudroffსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ახალი ხელისუფლება აშშ-ის ცსს-ს აგენტის ფრედ ვუდროფის მკვლელობის საქმის გამოძიებას იწყებს. 20 წლის წინ ნატახტართან მოკლული აგენტის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება, რაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეჭვის საფუძველს აძლევს და ფრედ ვუდროფის მკვლელობასთან დაკავშირებით გაჩენილ  კითხვებზე საკუთარ მოსაზრებებს „ნიუ იორკ თაიმსს“ უზიარებს.

„საქმე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული. ჩვენ სერიოზული ეჭვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რაც რეალურად მოხდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი ფრედ ვუდროფი 1993 წლის 8 აგვისტოს ნატახტარის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ მოკლეს, როცა იგი შევარდნაძის დაცვის უფროს ელდარ გოგოლაძესა და ორ გოგონასთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნების შემდეგ თბილისში ბრუნდებოდა. „ნივას“ უკანა სავარძელში მჯდომ ვუდროფს ტყვია თავის არეში მოხვდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ზუსტად 3 საათში თავად გოგოლაძემ დააკავა 21 წლის ჯარისკაცი ანზორ შარმაიძე, რომელიც გამოძიებამ დამნაშავედ ცნო. შარმაიძემ 16-წლიანი პატიმრობა მოიხადა, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ნასამართლობის მოხსნას ითხოვს.

შარმაიძეს უდანაშაულოდ მიიჩნევდა ვუდროფის ოჯახიც. ფრედ ვუდროფის საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა ამერიკულმა მხარემ, თუმცა გამოძიების მასალები გასაიდუმლოებულია.