აქტუალური
გენერალი ყურაშვილი: "ომი დაიწყო რუსმა. არანაირი მძინარე ქალაქი არ ყოფილა... მაგრამ ვინ და რატომ შეუცვალა ამოცანა მეოთხე ბრიგადას?“

aqtualuri-3საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საღამოს TV "იმედზე" ეთერში გავიდა ქართულ ტელესივრცეში პირველი ანალიტიკური რეალითი-შოუ "მთავარი ფაქტორი".

გადაცემის მონაწილეები - ნინა ხატისკაცი, გია ხუხაშვილი, რეზო საყევარაშვილი, ზაზა შათირიშვილი, ლია მუხაშავრია, რამაზ საყვარელიძე, გოგა ხაინდრავა - 08.08.08. ომთან დაკავშირებულ ყველა თემაზე ლაპარაკობდნენ. გადაცემის დროს მიმდინარეობდა ინტერაქტიური გამოკითხვა - უნდა ჩატარდეს თუ არა 2008 წლის ომის გარემოებათა ახალი გამოძიება? - რომლის შედეგებით, ტელემაყურებელთა დიდმა უმრავლესობამ - 80%-ზე მეტმა - უპასუხა “დიახ“.

ტელეგადაცემის მიმდინარეობისას აგრეთვე განხორციელდა ჩართვები - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკისთან და გენერალ მამუკა ყურაშვილთან, რომელიც იმ დროს ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი იყო.

გენერალმა ყურაშვილმა, კერძოდ, თქვა: "ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რადგან ამ ომის შემდეგ ძალიან ბევრმა სამხედრო პირმა დაუმსახურებლად ჩამოიკიდა ჩინ-მედლები...

- რატომ არ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, მაშინ როცა ამის აუცილებლობა უკვე 1 აგვისტოდან არსებობდა?

- რატომ არ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა სრულიად საქართველოს მასშტაბით?

- რატომ არ იქნა მოწვეული პარლამენტის საგანგებო სხდომა?

- რატომ არ მიეცა საქართველოს პატრიარქს ქართული ჯარის დალოცვის საშუალება?

ომი დაიწყო რუსმა. არანაირი მძინარე ქალაქი არ ყოფილა და ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ საკითხავია, რატომ მოხდა დავალებებისა და ამოცანების შეცვლა, მაგალითად, ვინ და  რატომ შეუცვალა ამოცანა  მეოთხე ბრიგადას?“ - აღნიშნა მამუკა ყურაშვილმა "მთავარ ფაქტორში".