სამართალი
ფანჯიკიძე: „სანამ საქართველოს დეოკუპაცია არ მოხდება, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ოკუპანტ ქვეყანასთან წარმოუდგენელია“

panjikidzeსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ამ ეტაპზე, ქვეყნის დეოკუპაციამდე, წარმოუდგენელია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც იგი ჟურნალისტებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებაზე ესაუბრა.

მინისტრი საქართველოში რუსეთის საელჩოს შენობის რეაბილიტაციის თემას გამოეხმაურა და ამ ეტაპზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება გამორიცხა.

"რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, მე შეგახსენებთ, რომ მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება არის გამორიცხული. ამის მეორე მიზეზი არის ის, რომ რუსეთი საქართველოს ორ შემადგენელ ნაწილს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სანამ ეს აღიარება არ იქნება უკან წაღებული და სანამ საქართველოს დეოკუპაცია არ მოხდება, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ოკუპანტ ქვეყანასთან წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი, რასაკვირველია, არც ერთ დონეზე არ განიხილება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს ურთიერთობა ორი ფორმატით აქვთ: ჟენევის დისკუსიებით და კარასინ-აბაშიძის შეხვედრებით.

„ჟენევის ფორმატის უკვე 23 რაუნდია გამართული და 24-ე რაუნდი ივნისშია დაგეგმილი. სამწუხაროდ, ჟენევის ფორმატს არავითარი პროგრესი არ მოუტანია ჯერჯერობით. არც ერთი მიმართულებით არ აღინიშნება პროგრესი”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და იქვე დასძინა,  რომ ამის მიუხედავად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, რადგან ჟენევაში საქართველო რუსეთთან დასავლეთის წარმომადგენლებთან ერთად ურთიერთობს.