საზოგადოება
წულუკიანი: იუსტიციის საბჭოს წევრ მოსამართლეებს უფლებამოსილება აუცილებლად შეუჩერდებათ

wulukianსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც მან მეცხრე არხზე, გადაცემა „მთავარ კითხვაში“ გააკეთა, იუსტიციის საბჭოს წევრ მოსამართლეებს, როგორც არადემოკრატიულად არჩეულებს, უფლებამოსილება აუცილებლად შეუჩერდებათ.

მინისტრის თქმით, საბჭოს დაკომპლექტების ახალი მოდელი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ვენეციის კომისიამ, თომას ჰამერბერგმა და კოტე კუბლაშვილმაც კი მოიწონეს.

“ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს მოდელი დაიწუნა, მიხეილ სააკაშვილია. კუბლაშვილმაც კი, მის სასახელოდ უნდა ითქვას, მოიწონა ახალი წესი და თქვა, რომ იგი უფრო დემოკრატიულია. რაკი არის დემოკრატიული, არ დაველოდებით წევრი მოსამართლეების უფლებამოსილების ამოწურვას, რომელიც არადემოკრატიული გზით მიიღეს, და დღესვე ვუჩერებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, მინისტრმა იუსტიციის საბჭოს წევრ მოსამართლეებს კანდიდატურების წარდგენისა და საარჩევნო კამპანიის დაწყებისკენ მოუწოდა და იქვე დასძინა, რომ მოსამართლეებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, ერთი მხრივ, მათი პროფესიული ცხოვრების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მეორე მხრივ - ხელი შეუწყონ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას.