საზოგადოება
„ეს სექტაა!“, ანუ რატომ აუკრძალეს გიორგი აფციაურს „პრეზიდენტობა“

afciauriსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. „კომედი შოუს“ ყოფილი მსახიობის გიორგი აფციაურის განცხადებით, რომელიც მან გუშინდელ  პრესკონფერენციაზე გააკეთა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მას ვანო ჯავახიშვილმა პრეზიდენტის პაროდიის კეთება აუკრძალა.

გადაცემა „თქვენი შოუს“ ჩაწერის დროს მოვიდა ვანო ჯავახიშვილი და მითხრა, რომ პრეზიდენტის პაროდიას ტაბუ დაედო, მეორე დღეს კი ალეკო მალხაზიშვილმა სახლთან მომაკითხა და მითხრა: თუ ამ თემაზე რაიმე კითხვები იქნება საზოგადოებისგან, იტყვი, რომ ვანომ იხუმრაო“, - აღნიშნა აფციაურმა.

გიორგი აფციაურმა „კომედი ჯგუფს“ სექტა უწოდა და ამჟამად პროექტში მყოფ თავის მეგობრებს მისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, „კომედი შოუს“ ყოფილ მსახიობ ნიკა გრიგოლია, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

თავის მხრივ, ნიკა გრიგოლიამ „ინფო 9“- თან საუბარში აფციაურის განცხადება დაადასტურა  და აღნიშნა, რომ  ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი მართლაც ჰქონდა.

ვანო ჯავახიშვილის განცხადებით კი, გიორგი აფციაური მის გუნდში 2011 წლის დეკემბრიდან აღარ მუშაობდა, შესაბამისად, მას ოქტომბრის არჩევნების წინ აფციაურისთვის პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება არ აუკრძალავს.