საზოგადოება
საქინფორმი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ივანიშვილი განათლების მინისტრ მარგველაშვილს დაასახელებს

obshestvo-1საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, სადაც პოლიტიკურ შოუ “პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი ხალხისათვის საინტერესო ყველა საკითხზე.

 

გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - ვინ იქნება თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი? თქვენ ამბობდით, რომ გყავთ რჩეული და მას მაისში დაასახელებთ. შესაძლებელია, ეს იყოს ირაკლი ალასანია, კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც ადრე დასახელდნენ? საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი? - ივანიშვილმა უპასუხა:

“მინდა კორექტული ვიყო და სუბორდინაცია დავიცვა, რამეთუ ჯერ ჩემს გუნდთან ერთად უნდა ვიმუშაო... ორმა ადამიანმა ეს იცის და დღეს უსუფაშვილს ვხვდები და მასაც ვეტყვი ჩემს აზრს. დარწმუნებული ვარ, მასაც ექნება თავისი აზრი... არ იფიქროთ, რომ ჩემი კანდიდატურა აუცილებლად უნდა გავიდეს - თუ უკეთეს კანდიდატს მომაწვდიან და უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, იმ კანდიდატურას ავირჩევ. 

...ერთ-ორ კვირაში ჩვენი საზოგადოება გაიგებს, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატიქართული ოცნებიდან“. პრეზიდენტი, ანუ ერთადერთი, ვისაც ხალხი პირდაპირი ხმის მიცემის გზით ირჩევს, უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული და დახვეწილი პიროვნება, რა თქმა უნდა, მტკიცე პიროვნების ყველა სხვა თვისებასთან ერთად.

დიახ, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს მისწრაფება და ამბიცია, მაგრამ დღევანდელი საქართველოსთვის, ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, ის, პირველ რიგში, დაბალანსებული პიროვნება უნდა იყოს, რათა ქვეყანას ახალი უბედურებები არ მოუტანოს და არ განმეორდეს ის, რაც ბოლო 20 წელი იყო...

და კიდევ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მას არ უნდა ჰქონდეს მანიაკალური სწრაფვა ხელისუფლებისკენ! მადლობა ღმერთს, ასეთი არჩევანი გვაქვს“.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოთვლილი საპრეზიდენტო თვისებების გათვალისწინებით, საქინფორმი ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად კოალიცია “ქართული ოცნებიდან“ დასახელებული იქნება ახლანდელი ვიცე-პრემიერი, განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პირველივე ტურში გაიმარჯვებს.