პოლიტიკა
ივანიშვილი: “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები - ეკონომიკასა და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაშია, და არა მათ შემდგომ განვითარებაში, როგორც ამერიკელები მიგვითითებდნენ!“

politika-2საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, სადაც პოლიტიკურ შოუ “პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი ხალხისათვის საინტერესო ყველა საკითხზე.

გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - ელის თუ არა ის რაიმე კარგს რუსეთის მხრიდან იმ ფონზე, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის არსებობს “წითელი ხაზები“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით? - ივანიშვილმა უპასუხა:

“ვფიქრობ, რომ დასაწყისი ცუდი არ გვაქვს, ის, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის 6 თვეში მივაღწიეთ... ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი რუსეთის ბაზარი, რომელიც თავისი რიტორიკით სააკაშვილმა საქართველოსთვის დახურა, ჩვენ, ასევე ჩვენი რიტორიკით, გავხსენით.

რაც შეეხება ჩვენს მთავარ პრობლემას - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - ამასთან დაკავშირებით არ ვარ ეიფორიაში, რომ ეს უახლოეს დროში გადაწყდება... ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები ეკონომიკის აღორძინებაში და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაშია. არა შემდგომ განვითარებაში, როგორც ევროპელები ან ამერიკელები მიგვითითებდნენ, არამედ სწორედაც მათ ჭეშმარიტ, და არა ფასადურ შექმნაში! დემოკრატია ხომ ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია...

და ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემას ვერ გადაწყვეტს - ჩვენს ძმებზე, აფხაზებსა და ოსებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მათ უნდა გაუჩნდეთ ასეთი სურვილი - ჩვენთან დაბრუნდნენ... ამისათვის საქართველო საინტერესო ქვეყანა უნდა გახდეს, მიმზიდველი მათთვის და ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის“.