პუბლიკაციები
თეა თუთბერიძე - «ნაციონალურ მოძრაობაში» არსებულ განხეთქილებაზე

analitika-3საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი.

- თქვენს ერთ-ერთ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ: «დიახ, ვამაყობ ბაჩო ახალაია შენით! მეამაყებისხვა იმ დღეს მოქმედიმინისტრების ნაწილისგანგანსხვავებით, რომლებიცმხოლოდ სკამებს ათბობენ დაპოლიტიკური ქულების ჩაწერაზეარიან ორიენტირებულები,რეფორმების გატარებისნაცვლად.“ იქნებ განგვიმარტოთ, ვის გულისხმობდით „იმ დღეს მოქმედიმინისტრებიდან“?

-წინა ხელისუფლებაში, ბაჩო ახალაიას გარდა, თითქმის ყველა მინისტრი საკუთარი თავის პიარით იყო დაკავებული. სამწუხაროდ, ბაჩო ახალაიამ მის მიერ გაკეთებული საქმეების 1 %-ც კი არ „გააპიარა“.  სწორედ,  ამის დამსახურებაა მისი დემონიზება, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მოახერხა ყველა იმ ადამიანმა, ვინც მას ებრძოდა, და რეალურად, დღეს არცერთ სისხლის სამრთლის საქმეში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ბაჩო ახალაია არის ბიძინა ივანიშვილის  პოლიტიკური მძევალი და, როგორც ჩანს,  არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის.

-თქვენი აზრით, რატომ აძლევენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას ვანო მერაბიშვილის გარემოცვიდან?

-მნიშვნელოვანია, საბოლოოდ გაირკვეს რასთან გვავს საქმე და, რეალურად, რას შეეწირა ბაჩო ახალაია. სამწუხაროდ, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვიდან: მისი ყოფილი მოადგილეები გია ლორთქიფანიძე, შალვა ჯანაშვილი, მისი მარჯვენა ხელი ზურაბ არსოშვილი და სხვები. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბაჩო ახალაიას გუნდიდან ერთ ადამიანსაც კი არ მიუცია ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება. როგორ ფიქრობთ, პროკურატურამ, თუ ეს მის ინტერესებში შედის,  რატომ ვერ მოახერხა ბაჩო ახალაიას თანაგუნდელებიდან იმ ადამიანის მოძებნა, ვინც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, და რატომ მოახერხა  ანალოგიური ვანო მერაბიშვილის გარემოცვიდან. ეს ადასტურებს იმას, რომ,  ხმები, რაც შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით დადიოდა,  მართალი აღმოჩნდა.

19-მა აპრილმა გვაჩვენა, რომ რეალურად, ვანო მერაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირებაა.

ვანო მერაბიშვილი და მისი გარემოცვა არ ელოდებოდნენ მიხეილ სააკაშვილის მისვლას აქციაზე. სააკაშვილის აქციაზე მოულოდნელად გამოჩნდა, რამაც ტრიბუნაზე მდგომ ადამიანებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ პრეზიდენტის მოსვლა არ გახარებია ვანო მერაბიშვილს და ტრიბუნაზე მდგარ კიდევ რამდენიმე ადამიანს.

მიხეილ სააკაშვილის  სიტყვით გამოსვლის დაწყებისთანავე, ყველამ დაინახა, თუ როგორ დატოვა სცენა ვანო მერაბიშვილმა დემონსტრაციულად. მან, სამწუხაროდ, ვერ დამალა გაღიზიანება.

აქციების დაანონსების დროს აშკარად ჩანდა, რომ მერაბიშვილს  უნდოდა პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩენილიყო.

ვანო მერაბიშვილი და ყველა სხვა, ვისაც აქვს ამბიცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერობაზე, უნდა ხვდებოდნენ რომ მათი ამბიციები რეალობას ცდება, რადგან არცერთ მათგანს არ აქვს ის პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება, რაც მიხეილ სააკაშვილს. ნაციონალურ მოძრაობაში ერთადერთი ლიდერი და  ერთადერთი პოლიტიკოსი  მიხეილ სააკაშვილია, და არამარტო ნაციონალურ მოძრაობაში, ზოგადად — ქვეყანაში.

ჩემი აზრით, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს და გააკეთოს ანალიზი, თუ რას გადაყვა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სამწუხაროდ, დღეს, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, შეინარჩუნოს ის გუნდი, რომელიც, რეალურად, არ არსებობს, რადგან მორალურად ცუდ მდგომარეობაში არ ჩააგდოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ეს მცდელობა მას არჩევნების წაგების დღიდან აქვს, და არა მხოლოდ ამ დღიდან, არამედ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების დღიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი, და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ იღებს, რასაც აწვდიან, ძალიან კარგად მიხვდა  რა შეიძლებოდა მდგარიყო იმ სკანდალური კადრების უკან, რომელიც არჩევნებამდე 12 დღით ადრე იქნა  გავრცელებული  და რომლის გამოგდებაც არჩევნების წინა დღეს იყო დაგეგმილი. თუმცა, იმის გამო რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  დაიწყო გამოძიება და გაკეთდა განცხადება, რომ არსებობდა მსგავსი ჩანაწერები, მიხვდნენ, რომ აზრი აღარ ჰქონდა ამ მასალის შენახვას არჩევნების წინა დღისთვის და ამიტომ გავრცელდა ის სკანდალური ციხის კადრები 12 დღით ადრე არჩევნებამდე.

მიუხედავად  იმისა, რომ მაშინ საჯაროდ ამის შესახებ განცხადება არ გამიკეთებია, ძალიან კარგად მივხვდი, თუ რა შეიძლება მდგარიყო ამ ყველაფრის უკან. არ ვარ ადამიანი, ვინც ციხეს მხოლოდ გარედან უყურებდა. ვიცი, რა არის ეს სისტემა და როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამის გაკეთება ციხეში და მით უმეტეს, ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა ჩანაწერების სახით. ციხეში, კონტროლის გარეშე, ბუზიც ვერ შეფრინდებოდა. შეუძლებელია, იქ მსგავსი „კინოსტუდიები“ მოწყობილიყო და ამის შესახებ არ ჰქონოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს. მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა,  გადაღებები თვეების და წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

იმ ფონზე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო  ყველაფერს აკონტროლებდა, იმასაც კი, თუ ვინ ვისთან იწვა, ვერ დამარწმუნებს ვერავინ, რომ მათ ამ გადაღებების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. თუ ეს უშუალოდ მათი მხრიდან არ იყო გაკეთებული. თუ მათი მხრიდან არ იყო გაკეთებული,  ამაზე მინიმუმ ინფორმაცია უნდა ჰქონოდათ. ხომ ასეა?

ბრალდებებს რომ თავი დავანებოთ, დავსვათ კითხვა: სად იყვნენ შესაბამისი სამსახურები მაშინ, როცა ციხეებში მსგავსი გადაღებები მიმდინარეობდა. ამაზე ხომ უნდა ჰქონდათ ინფორმაცია? შეუძლებელია შესაბამის სამსახურებს გამოპარვოდათ აღნიშნული.

ზღაპრებზე, რომ  აღნიშნული ვიდეოები ბედუკაძემ საკუთარი ინიციატივით გადაიღო და ვიღაც ჟურნალისტებმა ეს ყველაფერი ქვეყნიდან გააპარეს, ჩემს შვილსაც კი არ დაეძინება. ბიძინა ივანიშვილს რამდენიც არ უნდა   გადაეხადა ამ კადრების გადაღებაში, თუკი, მას არ ეყოლებოდა დამხმარე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ის ამას ვერ მოახერხებდა. მსგავსი რამის გაკეთება ციხეებში, ვერც ბედუკაძის, ვერც ციხის უფროსების, ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსისა და ვერც თავად, ამ სამინისტროს ხელმძღვანელის დონეზე ვერ მოხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველგან ჰყავდა თავისი „აგენტურა“, რომლებიც ყველა სამინისტროსა და ყველა უწყებას აკონტროლებდნენ. შესაბამისად, შეუძლებელია, მსგავსი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი არ ყოფილიყო, თუკი უშუალოდ, მათი ხელშეწყობით არ მოხდა ამ ყველაფრის განხორციელება და გადაღება.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყნის სათავეში მოვიდა ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც დღეს, ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

მათ, უპირველეს ყოვლისა, საბრალდებო სკამზე დასვეს ჩვენი ქვეყნის გმირები. ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად იცავდნენ ჩვენს სახელმწიფოს 2008 წლის ომის დროს. ეს გმირები არიან: ვიცეპოლკოვნიკი ზურაბ შამათავა, გენერალი გიგი კალანდაძე,  სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე, პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე, ასევე ბაჩო ახალაია, რომელმაც თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და აღმშენებლობისთვის.

დღეს, ეს ადამიანები, ამ ხელისუფლების წყალობით, საბრალდებო სკამზე სხედან. ვის ინტერესებშიც შედის ეს ყველაფერი, არის ვლადიმერ პუტინი და სწორედაც, რომ  პუტინის  დაკვეთას ასრულებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები ძალიან ბევრია: მათ შორის ჯაშუშების გამოშვება პოლიტპატიმრების სტატუსით; კრიმინალებისა და კანონიერი ქურდების გამოშვება ციხეებიდან  ამნისტიით; მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონში, ცვლილებების პროექტის შეტანა პარლამენტში და რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების დაწყების განცხადებები. თითქოს ჩვენ შევიჭერით რუსეთის ტერიტორიაზე და ჩვენ გამოვუცხადეთ რუსეთს ომი, ეს ყველაფერი არის ამაზრზენი და ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.  თუ ვინმეს იმის ილუზია ჰქონდა, რომ რუსეთ — საქართველოს ომის დროს ჩვენი ქვეყნის ოდენა სახელმწიფო რუსეთს ომს მოუგებდა, მსგავსს ადამიანებთან საუბარიც კი არ შეიძლება.  საქართველომ ვებერთელა სახელმწიფოსთან ბრძოლაში რაც  შეძლო, არის ის, რომ მთელმა მსოფლიომ ხმა ამოიღო იმ ყველაფერზე, რასაც ერქვა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია.

ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დახმარებით, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ის, რომ თბილისის თავზე რუსული დროშა არ აფრიალდა. სამწუხაროდ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ინტერესები  ამ ქვეყანასთან დაკავშირებით დღემდე არ არსებობს ან არ იარსებებდა, თუნდაც ქართული ოცნების გამარჯვებამდე, მე ვფიქრობ რომ ეს გულუბრყვილობაა.

რუსეთმა კარგად იცის, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა, ის დაკარგავდა კონტროლს, არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელს ამიერკავკასიაზე, შესაბამისად, რუსეთი  ამას არ დაუშვებდა და მას ყოველთვის ეყოლებოდა დასაყრდენი, აგენტურის სახით და ეს აგენტურა იქნებოდა არა მხოლოდ ოპოზიციასა და ეკლესიაში, არამედ იქნებოდა ხელისუფლებაშიც.  ჩვენ ვერ გავთვალეთ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის. თუმცა, მთელი ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, გვაჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს და ამის გააზრება ძალიან ბევრისთვის მტკივნეული იქნება, რომ ჩვენ აღმოვჩნდით იმ ვითარებაში, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა გამსახურდიას რეჟიმი. მე არ ვაპირებ, ვისაუბრო, რამდენად კარგი ან ცუდი პრეზიდენტი იყო ზვიად გამსახურდია, ან რამდენი შეცდომა დაუშვა თუ არ დაუშვა მან, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ  ზვიად გამსახურდიას რეჟიმი, ქართველებისვე ხელშეწყობით,  სწორედ რომ რუსეთის მიერ იქნა დამხობილი და ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა მარტო. დაახლოებით, ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს დღეს. როგორც ჩანს, რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველა დასაყრდენი ჩამოაშორეს მიხეილ სააკაშვილს და რეალურად, დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ერთეული ერთგული ადამიანების გარემოცვაში. ეს სამწუხარო რეალობაა. ბატონი პრეზიდენტი ცდილობს, რომ ადამიანებში, ვინც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, გაღიზიანებული და ბოღმით სავსე არ არის და აზროვნებს სახელმწიფოებრივად არ დაისადგუროს იმედგაცრუებამ.

ქართული ოცნება ემზადებოდა არა პასუხისმგებლობის ასაღებად, არამედ არეულობისა და სისხლისღვრის მოსაწყობად, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაუშალა. მათი განცხადებები თავიდანვე აჩვენებდა ერთ რამეს, რომ ქართული ოცნება  მზად არ იყო პასუხისმგებლობის ასაღებად. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდა იმით, რომ მათი წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც  საკუთარ ამომრჩეველს წარუდგინეს, რეალობასთან კავშირში საერთოდ არ არის. ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვებამ ზემოთხსენებული კიდევ ერთხელ დაადასტურა, რადგან კოალიცია და მისი ლიდერი არ აღმოჩნდენ მზად ხელში აეღოთ სადავეები. შედეგად დაპირებული დემოკრატიული მმართველობის და პროგრესის ნაცვლად ყველამ კარგად დავინახეთ სამთავრობო კრიზისი და ქვეყნის განვითარების შეჩერება.

-რამ გამოიწვია ქართული ოცნების გამარჯვება?

-უპირველეს ყოვლისა, იმ კადრების ,,გამოვარდნამ“, რომელმაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.  თუმცა,  ვფიქრობ, რომ რეალურად, წაგება გამოიწვია ნაციონალურ მოძრაობაში შიდა განხეთქილებამ. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა ამით საკუთარი ძალა აჩვენა მიხეილ სააკაშვილს.ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანეს და მისი პრემიერ-მინისტრობა შეიფუთა იმით, რომ საჭირო იყო მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, თუმცა, რეალურად, მას ძალიან ბევრი ბერკეტი წაართვეს. ჩემი აზრით, სწორედ ეს ვერ გათვალა მიხეილ სააკაშვილმა, რომ უკან მოუბრუნდებოდა მას ეს ყველაფერი. ბაჩო ახალაია კი, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ის იყო მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენი და მისი გუნდის ერთგული წევრი, რომელიც ვანო მერაბიშვილს არ ექვემდებარებოდა. ერთადერთი მინისტრი, ვისაც ვანო მერაბიშვილი ვერ აკონტროლებდა, ეს იყო ბაჩო ახალაია. ყველა სხვა  მინისტრი  მისი კონტროლის ქვეშ  იყო და, სამწუხაროდ, ისინი  ფორმალური მინისტრები იყვნენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, არჩევნებამდე 12 დღით ადრე გავრცელებული კადრების გამო, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სხვა  პირი იყო სასჯელაღსრულების მინისტრი იმ დროს, აქციაზე მთავარი მოთხოვნა ბაჩო ახალაიას გადადგომა იყო  და, უფრო მეტიც, როდესაც ბაჩო ახალაია გადადგა, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს  უდიდესი შეცდომა იყო, და მას არ უნდა აეღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც რეალურად მას არ უკავშირდებოდა, ამის შემდეგ მეორე მოთხოვნა აქციაზე გაისმა დათა ახალაიას გადადგომის შესახებ. კეთდებოდა მოწოდებები — ახლა დავიძრათ თავდაცვის სამინისტროსთან და მოვითხოვოთ დათა ახალაიას გადადგომა.

მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება აქციაზე ხალხის გამოყვანა და როგორ ხდება იქ გარკვეული მოთხოვნების დაყენება. სამწუხაროდ, ეს სტუდენტებიც მოტყუებული და შეცდომაში შეყვანილი აღმოჩნდნენ. რეალურად, ეს კონკრეტული პირების ამბიცია იყო  და მათ მიერ ძალაუფლების ხელში აღების სურვილი, რამაც გადაიყოლა ჩვენი სახელმწიფო.

სამწუხაროდ, საზოგადოება ყოველთვის ყველაფერს ისე იღებს, როგორც ამას აწვდიან. ასე იქნა მიღებული ვანო მერაბიშვილის „გაპრემიერებაც“, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნაციონალური მოძრაობისთვის. თუმცა,  ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან სხვა გარემოება იდგა.  თუ ვანო მერაბიშვილი არჩევნების მოგების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო პრემიერი, მაშინ არაფერი არ უშლიდა ხელს იმას, რომ ის ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი. ჩვენ კი დავინახეთ, რომ იგი, არა თუ სიის პირველი ნომერი, სიაშიც კი არ ჩაუსვამთ. დიდი ვარაუდით, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი ვერ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც საკაშვილისთვის ცნობილი გახდა და რის გამოც იგი შს მინისტრობიდან გადაიყვანა პრემიერ-მინისტრად.  შესაბამისად, ამის გამო მერაბიშვილმა „გაუჩალიჩა“ სააკაშვილს ის, რასაც მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხება და ქვეყნის სათავეში რუსული ინტერესების გამტარებელი, ანტისახელმწიფოებრივი ძალის მოსვლა.

-რა მიზეზებზე საუბრობთ, რომ დაგვიკონკრეტოთ მერაბიშვილისა და სააკაშვილის შემთხვევაში.

-პირველი მიზეზი შესაძლოა იყოს, საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენების შექმნა. თუმცა, წინა ხელისუფლებაში თუ ვინმემ რამეს მიაღწია ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დამსახურება, მაგრამ ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ისინი რამეს წარმოადგენდნენ.

ჯერჯერობით ახსნა ამ ყველაფრის, თუ რატომ გაუკეთეს ეს მიხეილ სააკაშვილს საკუთარმა თანაგუნდელებმა, ძალიან რთულია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აქაც რუსულმა სპეცსამსახურებმა ითამაშეს დიდი როლი. რეალურად, მიხეილ სააკაშვილი დატოვეს დასაყრდენის გარეშე. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ ვერასდროს ვერ გამოვედით ამ „მოჯადოებული წრიდან“ და ვტრიალებთ ერთი და იმავე რელსებზე. ვერ ვათვიცნობიერებთ, რა ძალას წარმოადგენს რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც ჩვენსავით 2-3 დღით ადრე არაფერს გეგმავენ. ისინი  წლებით ადრე გეგმავეენ, რა უნდა იყოს წლების შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერზე  მნიშვნელოვანია მსჯელობა.

დათა ახალაიაზე გაკეთებული განცხადება, თითქოს ის რომელიღაც ქვეყანაში გადახვეწილი ვერ უძლებს ქართული ოცნების ზეწოლას, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ ჟღერს. ამ ადამიანებს ურჩევნიათ, პასუხი გასცენ იმ შეკითხვებს, რომელი შეკითხვებიც არსებობს ნაციონალური მოძრაობისა და მათი ლიდერების მიმართ. ნუ შეეცდებიან საზოგადოების თვალის ახვევას, თითქოს და ახალაიები გარიგებაში შევიდნენ ქართულ ოცნებასთან. ქართულ ოცნებასთან გარიგებაში მყოფის ამპლუაში დღეს ვანო მერაბიშვილი უფრო ჩანს. ჩვენებებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სწორედ მისი გარემოცვის წარმომადგენლები იძლევიან.  ამასთან, ნაციონალურმა მოძრაობამ სწორედ ვანო მერაბიშვილის ინიციატვით დაუჭირა  მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტში. მაშინ  რამდენიმე დეპუტატი, იმის გამო, რომ გუნდი არ გახლეჩილიყო, იძულებული გახდა ამ დათმობაზე წასულიყო და ეს ნაბიჯი გადაედგა. თუმცა, დიდი ნაწილი ამ გარიგებით  საკუთარი კომფორტის შენარჩუნებას ცდილობს.

-ვანო მერაბიშვილთან საუბრის შემდეგ, თქვენ განაცხადეთ, რომ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეთ, კონკრეტულად, რა საკითხებზე ისაუბრეთ მასთან?

-მასთან შეხვედრაზე, სადაც ვანო მერაბიშვილი ხვდებოდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს დავსვი სამი კონკრეტული შეკითხვა: პირველი — თქვენ ბრძანდებოდით იმ მინისტრთა კაბინეტის პრემიერ-მინისტრი, რომელთაგან ერთადერთი მინისტრი  ზის ციხეში და ეს არის ბაჩო ახალაია.   რატომ არ კეთდება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ შესაბამისი განცხადებები ბაჩო ახალაიას უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. მეორე შეკითხვა იყო, თუ ვისი ინიციატივით იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატებად ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წაგების დღეებშივე გავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან. ვინ ჩასვა ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებად. მესამე შეკითხვა რობაქიძის მკვლელობის ასმახველ კადრებს ეხებოდა: იყო თუ არა ვანო მერაბიშვილისთვის, როგორც იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, მსგავსი კადრების არსებობის შესახებ ცნობილი.  სხვა საკითხია, რომ ის კადრები შეიძლება მიბმული იყოს ერთმანეთთან, მაგრამ ის, რომ რობაქიძე შემთხვევით გასროლილ ტყვიას შეეწირა, ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს.  თუ ამის შესახებ ცნობილი იყო მერაბიშვილისთვის, რატომ არ გახდა ეს ყველაფერი აქამდე საჯარო. თუ მერაბიშვილისთვის  არ იყო ამ კადრების შესახებ ცნობილი, მაშინ როგორი ხერხემალი იყო და როგორი  ძლიერი მინისტრი?!

-ამ კითხვებზე რა პასუხები მიიღეთ?

-პასუხები იყო ძალიან აბსურდული. პირველ კითხვაზე პასუხი იყო —  ის არ თვლის, რომ პარტიის ლიდერების მხრიდან, არ კეთდება განცხადებები ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით. თუმცა,  არ მინდოდა ვითარება დამეძაბა და ამიტომ აღარ შევუბრუნე კითხვა, „ერთი განცხადება მაინც მაჩვენეთ, თქვენ მიერ გაკეთებული-მეთქი.“ მეორე კითხვაზე პასუხი — ძალიანაც ნუ გავაკრიტიკებთ იმ ადამიანებს, რომლებიც გავიდნენ ნაციონალური მოძრაობიდან, რადგან მოვა დრო და ისინი კვლავ ჩვენთან დაბრუნდებიანო. ესეც ძალიან მიუღებელი და გაუგებარი პასუხი იყო ჩემთვის. რაში სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს ერთგან არიან, ხვალ მეორეგან და ზეგ შენ თუ ძალაუფლებას აიღებ, ისევ დაბრუნდებიან. საერთოდ, ასეთი ადამიანები, რატომ უნდა ყოფილიყვნენ  ნაციონალურ მოძრაობაში?!

მესამე — ფირცხალავას მიერ გავრცელებულ კადრებზე, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მიპასუხა, რომ მას ეს კადრები ნანახი ჰქონდა და არც ეგონა, რომ აქამდე  გასაჯაროებული არ იყო. ეს იყო პასუხები, რომელიც იმ დარბაზში მსხდომმა, დაახლოებით, ორასმა ადამიანმა მოისმინა. მე არ მინდოდა, დემონსტრაციულად დამეტოვებინა დარბაზი და დაველოდე, სანამ  სხვა კითხვა  დაისმებოდა და შემდეგ წამოვედი შეხვედრიდან. თუკი აქამდე ამ საკითხებზე არ გვისაუბრია, არ გვისაუბრია იმ მიზეზით, რომ არ გვინდოდა „ნაციონალური მოძრაობის იდეური მხარდამჭერები ცუდ მდგომარეობაში  აღმოჩენილიყვნენ. საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი რაც ხდება გვიჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს, ვანო მერაბიშვილის შესახებ რაც სმენია საზოგადოებას, დაწყებული გირგვლიანის საქმით, დამთავრებული კორტების სპეცოპერაციით და ა.შ.  არ ვთვლი, რომ შეიძლება რომელიმე თემაში რამე იყოს გამოსაძიებელი, მაგრამ სწორედ ქართული ოცნების მხირდან გვესმოდა ამ გამოძიების მოთხოვნები, თუმცა დღეს, ვერ დავინახეთ ვერავის მიმართ ვერაფერი, გარდა ბაჩო ახალაიას მიმართ „შეთითხნილი“ ბრალდებებისა. ვანო მერაბიშვილს ედავებოდნენ სისულელეზე — იყო ის ვანო მერაბიშვილი, თუ ლევან მაისურაძე. ჩნდება კითხვები, იმ ფონზე, როცა ბაჩო ახალაიას დღეს, ჩემი ინფორმაციით,  5 ბრალდება აქვს წაყენებული და კიდევ აპირებენ არაერთი ბრალდების წაყენებას, ნუთუ ამაზე მეტი ბრალდება   ვერ  მონახა ქართულმა ოცნებამ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ? არ იფიქროთ რომ მერაბიშვილის დაჭერა ან მისთვის რამე ბრალდებების წაყენება მინდა. არა, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ როცა ერთადერთი ადამიანი ზის დღეს წინა ხელისუფლებიდან ციხეში და მის წინააღმდეგ უამრავ სისულელეს „თითხნის“ ეს ხელისუფლება, სხვები წინა ხელისუფლებიდან ამ ფონზე მხარდამჭერ განცხადებებსაც კი არ აკეთებენ მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, თუ რეალურად აღმოჩნდება ისე, რომ ვანო მერაბიშვილმა ქართული ოცნების თამაში ითამაშა, მაშინ ის ალბათ უკვე კარგად ხვდება, რომ მისნაირ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი არ დაეყრდნობა ბოლომდე და უფრო მეტიც, არ დაინდობს. ადამიანი, რომელიც გაწირავს საკუთარ გუნდს და უღალატებს იმ ადამიანს, რომელმაც ის კაცად აქცია, ვინ ვინ და ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ასეთი ადამიანი გვერდით არ უნდა დაიყენოს. ამიტომ, როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი ახლა ცდილობს, რომ ახალაიების ჩამოცილების წყალობით ისევ სააკაშვილის გვერდით ნახოს თავისი ადგილი. თუმცა ეს კარგს ალბათ თავად მიხეილ სააკაშვილსაც არაფერს მოუტანს საბოლოო ჯამში.

თუ მიხეილ სააკაშვილი ამ შეცდომას დაუშვებს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა ხდება საკუთარ გუნდში, მაშინ ის, საბოლოოდ, მარტო აღმოჩნდება, და ეს იქნება მისი არჩევანი.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიტიკური შეხედულება არ შეგიცვლიათ. წინააღმდეგობაში არ მოდის პასუხგაუცემელი კითხვები და პოლიტიკური მრწამსის ერთგულება?

-რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში არ მოდის, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე პირს. ჩემთვის, და არა მხოლოდ ჩემთვის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი არის და დარჩება მიხეილ სააკაშვილი.

-19 აპრილის აქციაზე, როგორც რიგითი მოქალაქე, მიხვედით. ვერ გიხილეთ სცენაზე, ტრიბუნასთან … თქვენ 2003 წელს ნაციონალური მოძრაობის გვერდით აქტიურად იბრძოდით. ახლა რამ გამოიწვია პასიური მდგომარეობა?

-არ იყო საჭირო თეა თუთბერიძის ტრიბუნაზე ყოფნა. თუმცა, ეს მარტივი იყო, რომ მდომოდა.  ტრიბუნაზე იდგა ის, ვინც უნდა მდგარიყო — მიხეილ სააკაშვილი.

-რას მოელოდით აქციიდან, დასრულდა თუ არა ის თქვენთვის სასურველი შედეგებით?

-მე არაფერს არ მოველოდი ამ აქციიდან, თუმცა 19 აპრილამდე ამას ღიად არ ვამბობდი. ეს აქცია, როგორც ჩანს, იყო მხოლოდ და მხოლოდ იმაზე გათვლილი, რომ ვანო მერაბიშვილი აღმოცენებულიყო პარტიის ლიდერად და თან უპირობო ლიდერად. რაც, მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გამოჩენით მას ჩაეშალა.  მიხეილ სააკაშვილის მხირდან აქციაზე მოსვლა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო.

-წარმატებით ჩაივლის თუ არა ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგი?

-დაველოდოთ  მოვლენების განვითარებას.

-თქვენი შეხედულება ქართულ ოცნებაზე, ხომ არ არის ვინმე, ოცნების წარმომადგენელი, ვის აზრსაც იზიარებთ?

-არა. თუმცა ყველაფერი შედარებითია და შედარებით თუ ვიტყვით, ეს შეიძლება იყოს დავით უსუფაშვილი და რესპუბლიკური პარტია.

ლანა გიორგიძე.

http://www.weeknews.ge/?p=13856