აქტუალური
ივანიშვილი: “19 აპრილი ცინიზმის და თავხედობის მწვერვალი იყო, ამას დაღუპულების და გაუბედურებულების ოჯახები უსმენდნენ!“

aktualno-2საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. გასულ პარასკევს, საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა მიხეილ სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს, სადაც პოლიტიკურ შოუ “პოზიციაში“ ნინო შუბლაძესთან ერთად პირდაპირ ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია ქართველი ხალხისათვის საინტერესო ყველა საკითხზე.

გადაცემის წამყვანი ნინო შუბლაძის შეკითხვაზე - როგორ შეაფასებთ “ნაცმოძრაობის“ 19 აპრილის აქციას - ოპოზიციის პირველ მიტინგს ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემდეგ? - ივანიშვილმა უპასუხა:

“საკმაოდ მკაცრი იქნება შეფასება არა მიტინგის, რომელიც 19 აპრილს გაიმართა, არამედ იმ თავხედობის და ცინიზმის, რომელიც ახლდა ამ მიტინგს!

ნახეთ - რა კულტურულია ქართველი ხალხი, როგორ დინჯად, ღირსეულად ვუყურებდით ამ ყველაფერს და ვითმენდით, თუმცა ცინიზმის უმაღლესი ფორმა მივიღეთ! თქვენ ხომ გახსოვთ, რა სასაკლაო მოაწყვეს 26 მაისს იმავე ადგილას (საქართველოს შსს სპეცრაზმის სადამსჯელო ოპერაცია მშვიდობიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომლის შედეგად იყვნენ მოკლულები და უამრავი დაშავებული - საქინფორმი) და მერაბიშვილი მაშინ იყო შს მინისტრი - ამ ყველაფრის ავტორი, ეს მისი ხელწერა იყო?! ახლა ეს ადამიანი გამოდის და იმ საზოგადოებას, რომელსაც მახსოვრობა არ დაუკარგავს, ევროპულ ფასეულობებზე ელაპარაკება!.. სწორედ ეს არის ცინიზმის უმაღლესი ფორმა!

ამავდროულად ამ მიტინგზე მოდის პრეზიდენტი, რომელსაც ერთადერთ კაცს აქვს უფლება, დაითხოვოს ხელისუფლება, გააყოლოს პარლამენტიც - და ვიღაცებს ელაპარაკება, რაღაც გაუგებრობებზე საუბრობს და ისევ ესხმის თავს ხელისუფლებას... ანეკდოტური სიტუცია იყო - საზოგადოებამ, პირიქით, მასთან უნდა იჩივლოს და მიაწვდინოს ხმა და ვიღაცასთან ჩივის ეს კაცი! მაგრამ მას ავიწყდება, რომ ამ სიცრუეს უკვე ვეღარ გაყიდის და კარგად იცის, რომ დაითხოვს და მიიღებს უარესს.

ეს აქცია იყო ცინიზმის და თავხედობის მწვერვალი. ამას დაღუპულების და გაუბედურებულების ოჯახები უსმენდნენ!.. ამას ბევრი ვერ შეძლებდა. ევროპული ფასეულობები კი პირველ რიგში არის ადამიანის უფლებები, რომელიც მათ ფეხქვეშ გათელეს. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ სააკაშვილის და მერაბიშვილის ხელისუფლების პირობებში უარესად იყო ადამიანთა უფლებები, ვიდრე წინა ხელისუფლების (გულისხმობს ედუარდ შევარდნაძეს - საქინფორმი) პირობებში“.