დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტომობილების საქარე მინასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონპროექტში შესული ცვლილებების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. 1 დეკემბრიდან უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელები, რომლებსაც საქარე მინები დადგენილ ნორმაზე (40 %-ზე) მეტად ექნებათ დამუქებული, 50 ლარით დაჯარიმდებიან.
დღესდღეობით საქართველოში ბევრი ავტომობილი მძღოლის მიერ თვითნებურად დამუქებული მინით დადის, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხელს უშლის, დაინახოს, აქვს თუ არა ავტომობილის მძღოლს უსაფრთხოების ღვედი გაკეთებული. სწორედ ამიტომ „პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც წინა საქარე მინის დამუქება იკრძალება, გვერდითა საქარე მინების დამუქება შესაძლებელი მხოლოდ 40 %-ით, ხოლო უკანა საქარე მინის დამუქება ავტომობილის მფლობელის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სამართალდამრღვევი 50 ლარით დაჯარიმდება,“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.