პოლიტიკა
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას კერძო მფლობელი ჰყავს?!

1-sasaxleსაქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. გაზეთ "ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს ანუ ავლაბრის რეზიდენციას და რაბათის ციხეს კერძო მფლობელი ჰყავს. გაზეთის მონაცემებით, ნაციონალურმა ხელისუფლებამ ეს ორი ობიექტი 1 ოქტომბრის არჩევნების წინ კონკრეტულ პიროვნებაზე გადააფორმა. რაბათის ციხესთან დაკავშირებით გაზეთის წყაროს ინფორმაცია არ დადასტურდა, რადგან ისტორიული ნაგებობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. გაზეთის ცნობით, პრეზიდენტის სასახლის მფლობელის ვინაობა ვერ გაირკვა, რადგან აღნიშნული ინფორმაცია დახურული აღმოჩნდა.

სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა და მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა.  პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი, თუმცა საბოლოო სახე იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა. პრეზიდენტის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა.

საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ეკა ერგემლიძემ "ვერსიას" განუცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის სასახლის შესახებ გრიფი "საიდუმლო" ადევს.

“საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონებით, მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს და განასაჯაროოს გრიფ "საიდუმლოს" მიკუთვნებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ", - განმარტეს საჯარო რეესტრში.