„ჩემთვის მიუღებელია ასეთი ხმამაღალი განცხადება, რომელიც თითქმის საფუძველს მოკლებულია. ეს იყო ბრალდება, თუმცა კობამ უარყო ეს ბრალდება და დააბრალა, თითქოს ეს იყო ჟურნალისტების იმპროვიზაცია. მაგრამ კობამ გააჟღერა ლობირების ბრალდება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
ელისო ჩაფიძის თვალსაზრისით, ემოციურ ნიადაგზე კობა დავითაშვილს ზედმეტი მოუვიდა. „ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პატივისცემის მიუხედავად, მან გადააჭარბა. ბატონი სერგიენკოს მოხსენიება კორუფციასთან რაიმე კავშირში არის ჩვენი გუნდის შეურაცხყოფა“, - აღნიშნა ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.
გუგული მაღრაძის თქმით კი, ყველა - დეპუტატიც და არადეპუტატიც ძალიან ფრთხილი უნდა იყოს თავის გამონათქვამებში. რადგან „ეს არის უზარმაზარი ბრალდება და უნდა ჰქონდეს დამამტკიცებელი საბუთები, რომ ასეთი რამე თქვას“.
თავად კობა დავითაშვილი გადაწყვეტილების მიღებამდე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ საკუთარი სურვილით უმრავლესობას არ დატოვებს.
დავითაშვილის უმრავლესობიდან გასვლის შესახებ ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ჯანდაცვის მინისტრის მისამართით სადაზღვევო კამპანიასთან დაკავშირებით ლობირების ბრალდებები წამოაყენა.