სამართალი
გვარამიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

1-advokatiსაქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში განათლების ყოფილი მინისტრის ნიკა გვარამიას, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა დამენიას, ასევე კომპანია „თელასის“ ყოფილი დირექტორის დევი კანდელაკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნიკა გვარამიას ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეების სახით „თელასის“და „ხრამის“ თანამშრომლები დაიკითხებიან. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ნიკა გვარამიას მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება, სავარაუდოდ, ოთხი ან ხუთი მოწმე დაიკითხება. მოწმეთა დაკითხვით დღეს გამოიკვეთება და მოსამართლე დარწმუნდება, რომ დანაშაულის დაფარვას და შელამაზებას კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ ორ სუბიექტს შორის ჩვეულებრივ კომერციულ ურთიეთობას. მჯერა, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგება, რადგან მტკიცებულებები, რომ ვინმემ ქრთამი აიღო და, მითუმეტეს, გვარამიასთან რაიმე სახით ფული მივიდა, არ არსებობს, - განაცხადა ჭაბაშვილმა.  ნიკა გვარამიას ბრალი სსკ-ის 194-ე, 201-ე, 362-ე, 338-ე, 193-ე მუხლებით ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, ასევე, ფულის გათეთრებას, საგადასახადო და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებას და ცრუმოწმეობაში ხელშეწყობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება დანარჩენ მაღალჩინოსნებს, მათ ბრალი სსკ-ის 210-ე, 262-ე, 194-ე, 339-ე მუხლებით ედებათ, რაც ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ქრთამის მიცემასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.