საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ახალაიების გარიგებაზე ნებისმიერი ინფორმაცია ყალბი იქნება! - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე - "თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრის ხელმძღვანელი ანი ნადარეიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს როლანდ, ბაჩო ან დათა ახალაიების ვინმესთან გარიგების შესაძლებლობას.
"შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ნებისმიერი ვარაუდი, ნებისმიერი ე.წ. სარწმუნო წყაროს ინფორმაცია ახალაიაების შესაძლო გარიგებაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან, ასევე ნებისმიერ ვინმესთან, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის ხელისუფლებაში, ყალბია და სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს", - განუცხადა ანი ნადარეიშვილმა "ნიუპოსტს".
ამასთან, ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ მომავალში, თუკი რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნდება გარიგების შესახებ ვარაუდებისა და ვერსიების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც არ დაადასტურებს ახალაიების ოჯახის რომელიმე წევრი, ის შეიძლება ჩაითვალოს ჭორად და ყურით მოთრეულად.
"იყო კომიკური სიტუაციაც, როცა ზოგიერთი თქვენი კოლეგა მიმტკიცებდა, რომ ბაჩო ახალაია ბრაზილიაში იყო და ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ეს საქართველოში ბაჩოს დაბრუნებამდე ხდებოდა. ასეთი ფაქტები ხშირია, ასე რომ, მაინცდამაინც არ მიკვირს", - აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა.
"ნიუპოსტის" კითხვაზე, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა დათა ახალაიას გვერდი Facebook-ზე და მართლაც გაავრცელა თუ არა მან ცნობილი განცხადება 15 აპრილს, ანი ნადარეიშვილმა პასუხისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ამ შეკითხვას ვერც დადებით და ვერც უარყოფით პასუხს ვერ გასცემს.