სამართალი
ომი 08.08.08. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა

1-genprikuraturaსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ 2008 წელს რესპუბლიკის მოქალაქეთა მკვლელობისა და უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ გენერალურ პროკურორ მერაბ ჩიგოევზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში პროკურატურამ შეისწავლა 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის ფაქტზე და ასევე იმ დანაშაულებზე არსებული მასალები და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს.

„ეს დანაშაულებია მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და დაშავება, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა აგრესიის დროს მიიღეს, ასევე უზარმაზარი მატერიალური ზარალი, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას მიადგა, კერძოდ, საცხოვრებელ სექტორს, გადაიწვა რამდენიმე ასეული საცხოვრებელი სახლი, განადგურდა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კორპუსი”, - განაცხადა ჩიგოევმა.

ჩიგოევის განმარტებით, აღიძრა სისხლის სამართლის ორი  საქმე: სოფელ ტბეთში მოქალაქე კაბისოვისა და 2008 წლის 19 ოქტომბერს ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუასთან სამი მოქალაქის: ხუგაევის, ხაჩიროვისა და პლიევის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.

„გადავწყვიტეთ, სისხლის სამართლის საქმე აღვძრათ 105-ე მუხლით (მკვლელობა), რადგან სავარაუდოდ, თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი ნახევარი წლის განმავლობაში ვერ იძებნება, მიიჩნევა, რომ ის მოკლეს. ამასთან, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კიდევ სამი ჩვენი მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, გაგლოევის, თედეევის, და ასევე იკაევისა, რომელიც ქართველმა სამხედროებმა 2008 წლის 8 აგვისტოს დაატყვევეს, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა“, - აღნიშნა ჩიგოევმა და დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთის საგამოძიებო ორგანოები ფლობენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იკაევი ორი კვირის განმავლობაში ქართველ სამხედროებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ. და რაკიღა ინფორმაციის მოპოვება ზემოხსენებულ მოქალაქეებზე აქამდე ვერ მოხერხდა, ესე იგი „ისინი ქართული სამხედრო შეიარაღებულმა ფორმირებების თანამშრომლებმა დახოცეს“.

„ეს სამხედრო დანაშაულია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული ფაქტები საქართველოს ახალმა ხელსიუფლებამ  შეამოწმოს და ოფიციალური პასუხი გაგვცეს“, - განაცხადა გენპროკურორმა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 15 აპრილს მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ პროკურატურამ განაახლა გამოძიება 2008 წლის სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის ფაქტზე, - იტყობინება სააგენტო „რესი“.