პოლიტიკა
კუბლაშვილი: „არ შეიძლება პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებას სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაც მოჰყვეს“

1-kublaსაქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით შენიშვნები გადაუგზავნა, სადაც იგი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს სასამართლო რეფორმის შეფერხების მცდელობას უკავშირებს და მის დასაძლევად ემზადება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ვეტოს გამოყენების უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. თუმცა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, უზენაესი სასამართლო მზადაა, ამ ახალი კანონით იხელმძღვანელოს.

„ვეტო - ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა და განურჩევლად იმისა, თუ რას ფიქრობს უზენაესი სასამართლო, პარლამენტი თუ მთავრობა, პრეზიდენტს აქვს უფლება, ის გამოიყენოს და ვეტო დაადოს ნებისმიერ კანონპროეტს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის“, - აღნიშნა კუბლაშვილმა და განმარტა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა, მისი აზრით, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად არ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს წევრების შეცვლა.

„არ შეიძლება პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვეს სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაც, ეს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება. თუკი საქართველოში ასეთი რამ მოხდება, ეს იქნება ძალიან ცუდი პრეცედენტი", - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ „სწორედ აღნიშნული პრეცედენტის არდაშვებაზე იყო საუბარი, როცა ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები გვქონდა, რაც ვენეციის კომისიამ გაიზიარა. თუმცა ვენეციის კომისიამ თქვა ისიც, რომ გარდამავალ პერიოდში შესაძლებელი იყო რაღაც გამონაკლისები. წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი კი არა მხოლოდ მცირე გამონაკლისებს უშვებს, არამედ სისტემის თითქმის სრულ ცვლილებას წარმოადგენს".

საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად მომავალი სასესიო კვირიდან იმუშავებს. საპარლამენტო უმცირესობა კი იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობა გაითვალისწინებს პრეზიდენტის შენიშვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. ამავე დროს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილის განცხადებით, უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს.