აქტუალური
საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო „ივერონის“ მიერ გავრცელებული ცნობით, "ნაციონალურ მოძრაობაში" საპრეზიდენტო კანდიდატად უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს განიხილავენ.
როგორც უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სააგენტოს განუცხადა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პარტიაში პრაიმერი ჩატარდება.წყაროს თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებად ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე განიხილებოდნენ, თუმცა, პარტიის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მერაბიშვილს დიდი დარტყმა მიაყენა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, “ნაციონალთა“ დიდი ნაწილი მომხრეა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გახდეს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილს ყოფილი თანაგუნდელები მარიკა ვერულაშვილი და დათა ახალაია დაუპირისპირდნენ. ვერულაშვილმა განაცხადა, რომ პარტია სწორედ მერაბიშვილის გამო დატოვა და მის გვერდზე ყოფნა დანაშაულია. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დათა ახალაიამ კი სკანდალური განცხადება გააკეთა და "ქვეყნის ხერხემლად" წოდებული მერაბიშვილი მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორად დაასახელა. ახალაიას შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა.