„როდესაც ასეთი რამე ხდება პრეზიდენტის სასახლეში, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს იმ ადგილებში, რომლებიც არ არის დაცული“, - განაცხადა ბარნოვმა და იქვე დასძინა, რომ საზოგადოებამ თვითონ უნდა დაარქვას სახელი რამდენად შესაბამება ეს იმ განცხადებებს, რომ პრეზიდენტი სათანადოდ არის დაცული.
„დღეს მთავრობა ამბობს, რომ მოსმენები არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ არა მოსმენები, რა უნდოდა ორ დაუდგენელ პირს პრეზიდენტის სასახლეში, როცა შესაბამისი ცოდნის არსებობის შემთხვევაში მათ ყველა ინფორმაციის გატანა შეეძლოთ?“ - განაცხადა ბარნოვმა.
მისი თქმით, დაუდგენელმა პირებმა შენობაში დაახლოებით 20 წუთი დაჰყვეს. ისინი ე.წ. სვიჩრუმში და სასერვერო ოთახში იმყოფებოდნენ, სადაც არსებობს ინფორმაცია შიდა საკომუნიკაციო ქსელის შესახებ. მისივე განცხადებით, ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა არსებობს და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომხდარის გამოსაძიებლად შესაბამის ორგანოებს მიმართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის განცხადებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განცხადებითვე გამოეხმაურა, სადაც განმარტებულია, რომ:
„მიმდინარე წლის 24 აპრილს, 11:30 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში დაზიანდა ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” კუთვნილი სატელეფონო ნომერი 26-57, რომლის მეშვეობითაც რეზიდენციის დაცვის თანამშრომლები უკავშირდებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის სამორიგეო განყოფილებას (,,ცენტრი-1″).
აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, გამოძახების ადგილზე გავიდნენ სააბონენტო მომსახურების სექტორის უფროსი კახა ქართველიშვილი და განყოფილების უფროსი არჩილ ბახტაძე.
განვმარტავთ, რომ კახა ქართველიშვილი და არჩილ ბახტაძე არიან სახელისუფლებო სატელეფონო ქსელის საიდუმლოების დაცვის და უსაფრთხოების სპეციალისტები, გააჩნიათ ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” აპარატურასთან დაშვების უფლება და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე არაერთხელ განუხორციელებიათ ანალოგიური ტექნიკური ხასიათის სამუშაოები”.