„დათა ახალაია სამართალდამცველებს მიაწვდის ისეთ ღირებულ მტკიცებულებებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომ ახალი ხელისუფლება, სავარაუდოდ, ახალაიებს ბრალს შეუმსუბუქებს. რაც შეეხება კონკრეტულ მასალებს, რომლებიც აქვს დათა ახალაიას, მე, როგორც იურისტი, არ ვიქნები მართალი, მოგაწოდოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას დააზარალებს. ვიტყვი მხოლოდ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შესახებაც დათა და ბაჩო ახალაიებმა ძალიან ბევრი იციან და აქვთ მტკიცებულებანი. ეს გახლავთ ზურაბ ჟვანიას საქმე", - აღნიშნავს ჟურნალისტთან საუბრისას რესპონდენტი.
მისივე თქმით, „ძალიან მალე ჟვანიას მკვლელობის საქმე გაიხსნება და გამოძიებას ექნება მტკიცებულება მასთან მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კავშირის შესახებ“.
წყაროს განმარტებით, დათა ახალაია, ძმისგან განსხვავებით, არ ენდო სააკაშვილისა და მერაბიშვილის დაპირებებს, რომ ნებაყოფლობით ჩაჰბარებოდა სამართალდამცველებს. ხოლო როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან თავი ჯერ ეკლესიას შეაფარა, ხოლო შემდეგ საქართველო დატოვა.
„მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩია სამეგრელომ, მას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. ამ ყველაფერს ორგანიზებას უწევდა როლანდ ახალაია და მისი მთელი სანათესაო. ახლა კი გამოდის პრეზიდენტი და აცხადებს, ახალაიებს ახლოს არ ვიცნობო. რა თქმა უნდა, ძმები ახალაიები უნდა დაისაჯონ ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ ასევე პასუხი უნდა აგონ მიხეილ სააკაშვილმა და ვანო მერაბიშვილმაც", - დასძენს რესპონდენტი.