საზოგადოება
ფანჯიკიძე: „ჯონ ქერი საქართველოში აუცილებლად ჩამოვა“

1-panki-keriსაქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ ქერის შეხვდა. შეხვედრას ქართული მხრიდან აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე და ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გეგა მგალობლიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა განიხილეს, ისაუბრეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

ეს იყო პირველი შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან ბატონ ქერისთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რომელიც ეხება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს. მან ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ამას გარდა, მადლობა გადაგვიხადა ავღანეთში საქართველოს წვლილისათვის, რომელიც მას შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესებით. დაინტერესდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით, რომელიც მან ძალი მაღალ დონეზე შეაფასა. მე ბატონი ქერი დავპატიჟე საქართველოში და იგი შემპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვა, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტზე საუბარი არ ყოფილა.