საზოგადოება
საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. სააკაშვილს ჩემთან შეხვედრაზე ვაღიარებინე, რომ „რუსთავი 2“ მისია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის გამარტებით, კითხვაზე - ვისია "რუსთავი 2", მიხეილ სააკაშვილმა დაუდასტურა, რომ მისია და თქვა, რომ ამას საჯაროდ განაცხადებდა."სააკაშვილმა საჯაროდ უნდა თქვას, რომ "რუსთავი 2" მას ეკუთვნის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მიხეილ სააკაშვილისა და ტელეკომპანია “რუსთავის 2″-ის კავშირის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადება უარყო პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ და მას სიცრუე უწოდა.
„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, როგორც იცით, გამოსვლა ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე. მისი დასრულების შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს, აღიაროს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მისია და თითქოს პრეზიდენტი თავად დაჰპირდა, რომ ამას საჯაროდ გააკეთებდა. ასეთ საუბარს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ადგილი არ ჰქონია. ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არის ტყუილი და სიცრუე, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.