საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ის სპეციალური მიწვევით იმყოფება, კვლავაც გრძელდება. გუშინ იგი ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ანე ბრასორს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე ნატაშა ვუკოვიჩს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსა და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტს შეხვდა. საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დღეს გაიმართა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით აქტიური დახმარებისთვის. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობის გაფართოების საკითხებზე იმსჯელეს.
რამდენიმე წუთის წინ ევროპის სასახლეში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პატივსაცემად მიღება გაიმართა.